Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ქურასბედიანი: ფაქტია, რომ რუსეთის ჯარი თავდაცვაზეა გადასული


ირაკლი ქურასბედიანი და კობა ლიკლიკაძე
ირაკლი ქურასბედიანი და კობა ლიკლიკაძე

უკრაინისა და ნატოს ინფორმაციით, კიევის ოლქიდან ქვედანაყოფების გაყვანის შემდეგ, რუსეთის მთავარ ჩანაფიქრს წარმოადგენს უკრაინის თავდაცვითი ძალების ალყაში მოქცევა დონბასის ზონაში და უკრაინის არმიისათვის სტრატეგიული მარცხის მიყენება.

  • რა ვითარებაა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში?
  • რას წარმოადგენს რუსეთის არმიის გადაჯგუფება დონბასის მიმართულებით
  • ტერიტორიების რა ნაწილს აკონტროლებს 43-დღიანი ომის შედეგად რუსეთი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში
  • და რამდენად დაეტყო დასავლეთის სამხედრო დახმარება დონბასში მყოფ უკრაინის დამცველებს?

ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი.

კობა ლიკლიკაძე: ირაკლი, მოგესალმები, მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარმა დატოვა გოსტომელი, ბუჩა, კიევის ოლქი, გავრცელებული ინფორმაციით, ხდება მათი გადაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში: ხერსონის, ხარკოვის და ასე შემდეგ მიმართულებებზე. ჩვენმა რადიომსმენელმა და მაყურებელმა იცის, რომ შენ იმყოფები აღმოსავლეთ უკრაინაში. აი, გვითხარი, რა შეიცვალა ამ ერთი დღის და ორი დღის განმავლობაში?

დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონის წინ, სადაც იმყოფებიან რუსები, გადადიან თავდაცვაზე...

ირაკლი ქურასბედიანი: პრინციპულად ჯერ არაფერი. არის რამდენიმე მიმართულება, საიდანაც ცდილობენ შემოტევას. ისევ და ისევ ეს არის რუბეჟნაია-ლისაჩანსკის მიმართულება, ქვემოთ, მარინკა, ეს უკვე დონეცკის ცენტრია, მარინკა აღებული აქვთ და უგლოდარი, თუ სახელი არ მეშლება, მაგ მიმართულებაზე. იგივე სიტუაცია რჩება და ცდილობენ შეტევას მარიუპოლში გამაგრებულ ჩვენს ქვედანაყოფებზე. დანარჩენი პრინციპში არაფერი [არ შეცლილა]. რაც შეეხება გადმოჯგუფებას და გასვლას [რუსეთის] ჯარის, გასვლა რა, უკანდახევა იყო, მათთვის გამოუვალი მდგომარეობიდან, და არა კეთილი ნება. ამ ძალების გადმოჯგუფება პირდაპირ ვერანაირად ვერ მოხდება ორ-სამ დღეში, ამხელა ტერიტორიის შემოვლა და მათი ეგრევე ბრძოლაში ჩაბმა. თან, მით უმეტეს, რომ მათ ძალიან დიდი ზიანი აქვთ მიყენებული. და ალბათ ეს იქნება მეორე-მესამე ეშელონისთვის აქ არსებული ძალებისთვის დახმარების სახით.

კობა ლიკლიკაძე; ირაკლი, ასეთი ვარაუდიც არის, დამყარებული გარკვეულ ოპერატიულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინის ჯარი შეეცდება ხერსონთან ე.წ. ალყაში, ტომარაში მოაქციოს რუსეთის არმიის იქაური დაჯგუფება.

ირაკლი ქურასბედიანი: ანუ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონის წინ, სადაც იმყოფებიან რუსები, გადადიან თავდაცვაზე. ჩვენები ახორციელებენ საკმაოდ ფრთხილად, რომ ნაკლები მსხვერპლი იყოს, ოპერაციებს. საკმაოდ რთული რელიეფია ნებისმიერი მხარისთვის, რადგან ძალიან ბევრი წინაღობებია წყლოვანი მაგ მიდამოებში, ბევრი არხებია და ასე შემდეგ. ეს ასე სწრაფად არ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ [რუსეთის ჯარი] თავდაცვაზეა გადასული და გეგმებიც აქვთ, როგორც თავდაცვის, ისე ხერსონისა და მელიტოპოლის დატოვების. წინასწარ ემზადებიან, ეს ინფორმაცია არის, რომ არ დაემართოთ ის, რაც დაემართათ კიევთან, როდესაც თითქოს დახევა იყო, მაგრამ ჩვენების ამდენ ჩასაფრებებს წააწყდნენ. უკანდახევა ბრძოლაში ერთ-ერთი არა, ყველაზე რთული ელემენტია ტაქტიკის და საკმაოდ ბევრი გათვლა სჭირდება, თუ არა, შეიძლება დიდი ძალები დაკარგო, რაც [რუსებს] დაემართათ.

კობა ლიკლიკაძე: ირაკლი, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იხევს რუსეთის ჯარი და რას ტოვებს თავის უკან. ის ამაზრზენი კადრები, რომელსაც უკვე ომის დანაშაულის კლასიფიკაციას აძლევენ უფლებადამცველები, საერთაშორისო ინსტიტუტები. შენ ბევრს გადაადგილდები და მინდა გკითხო, შენ რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ასეთი სისასტიკე გინახავს იმ არეალებში, სადაც მოძრაობ?

ჩვენ მანევრულ თავდაცვას ვაწარმოებთ და არ არის პრობლემა, აქ რაღაც ეტაპობრივად, ნელ-ნელა გადავინაცვლოთ, გავანადგუროთ, რომ შემდეგ წინ წავიდეთ...

ირაკლი ქურსბედიანი: ამ არეალში ჯერ ფიზიკურად არა, იმიტომ, რომ ჯერ კიევისგან და მისი შემოგარენისგან განსხვავებით, არ არის [აქ] ისეთი ადგილები, რომელიც ჩვენ გავათავისუფლეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ჩვენ აქ გავათავისუფლებთ [ტერიტორიებს], ადრე თუ გვიან, კიდევ უფრო უარესი სიტუაცია დაგვხვდება. იმიტომ რომ აქ მართლა საკმაოდ რთული და მძიმე ბრძოლები მიდის და დიდი თავმოყრა რუსების და ადგილობრივ ე.წ. მეშახტეების, დე-ნე-ერის [ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის] ძალების და ასე შემდეგ. საკმაოდ რთული სიტუაციაა მაგ კუთხით.

კობა ლიკლიკაძე: ირაკლი, როგორც ამბობენ, და შენც დაადასტურე, რუსეთის მთელი ძალები კონცენტრირებული იქნება დონბასზე. დღეის მდგომარეობით, აი, ამ, 42-ე დღეა მიდის ომები ინტერვენციის ფარგლებში, რა ტერიტორიაზე მოახერხეს მათ [რუსებმა] უპირატესობის მიღება? რა ნაწილს ფლობენ, ასე რომ ვთქვათ, ისინი დონბასისა?

ირაკლი ქურასბედიანი: გარკვეული ტერიტორიები აღებულია, რა თქმა უნდა. ეს არის მარინკა, ქვემოთ ვალნავახა, მაგრამ დიდი სიღრმეები არ არის და ნუ, იყო რაღაც ტერიტორიები ლუგანსკის მხარეზე, რომელიც უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვესაა. მაგრამ ეს ისეთი ღია და გახსნილი ტერიტორიებია, რომ იქ თავდაცვის მოწყობას ჩვენი მხრიდან დიდი აზრი არ ჰქონდა. ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ ჩვენ მანევრულ თავდაცვას ვაწარმოებთ და არ არის პრობლემა, აქ რაღაც ეტაპობრივად, ნელ-ნელა გადავინაცვლოთ, გავანადგუროთ, რომ შემდეგ წინ წავიდეთ.

რა თქმა უნდა, ჩანს დახმარება და საკმაოდ დიდი რეზერვები გვაქვს უკვე, საკმაოდ დიდი რესურსები და შეგვწევს ძალა...

კობა ლიკლიკაძე: ირაკლი, ნატოს ბევრი ქვეყანა აძლიერებს უკრაინის სამხედრო დახმარებას - აშშ, დიდი ბრიტანეთი, აგერ ჩეხეთმა ათეულობით ტანკი გადმოსცა, ესტონეთი და ასე შემდეგ, არ ჩამოვთვლი. შენ სადაც იმყოფები, შენ ირგვლივ მყოფ ქვედანაყოფებს დაეტყოთ თუ არა ეს დახმარება? არ გთხოვ, ჩამოთვალო, თუ რა შეიარაღება მიიღეთ, მაგრამ უფრო ძლიერია თუ არა [თქვენი] შეიარაღება, ვიდრე ომამდე გქონდათ?

ირაკლი ქურსბედიანი: უშუალოდ მე სადაც ვიმყოფები, იქ და პირადად ჩემს ქვედანაყოფს, სადაც ვარ, მთელი ამ 43 დღის მანძილზე მაინცდამაინც არც ის დატყობია, რომ რამე დაგვაკლდა, სანამ ეგ დახმარება იქნებოდა. ნორმალურადაა ყველაფერი. რა თქმა უნდა, მე ვერც ვიტყვი და არც ვიცი, სად, როგორ და რანაირად განაწილდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩანს დახმარება და საკმაოდ დიდი რეზერვები გვაქვს უკვე, საკმაოდ დიდი რესურსები და შეგვწევს ძალა. დღესვე შეიძლებოდა თავზეხელაღებული შეტევის განხორციელება და მივაღწევდით, მაგრამ, ისევ და ისევ, ჩვენი სარდლობა აწარმოებს და ასეთი ომის ფილოსოფია აქვთ, რომ რაც შეიძლება შევინახოთ ადამიანების სიცოცხლე, ამითი განვსხვავდებით ჩვენ იმ ბოროტებისგან, რასაც ვებრძვით, - რომ მაქსიმალურად შევინახოთ ადამიანების სიცოცხლე, მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მოწინააღმდეგეს და უკვე, როდესაც ხელსაყრელი პერიოდი შეიქმნება, მაშინ ისე ჩამოიშლება ეს ყველაფერი, რომ [რუსებს] ვერც დავეწევით ალბათ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG