Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ ვითარებაში კარასინთან შეხვედრის გამართვა მიზანშეწონილი არ არის


ფოტო არქივიდან: ზურაბ აბაშიძე, გრიგორი კარასინი.
ფოტო არქივიდან: ზურაბ აბაშიძე, გრიგორი კარასინი.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მედიას განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინთან გაზაფხულზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. „გადაიდო, ამ ვითარებაში არაა მიზანშეწონილი ამ შეხვედრის გამართვა", - ზურაბ აბაშიძის კომენტარს „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძემ ილაპარაკა კარასინთან ბოლო კომუნიკაციის შესახებ.

„ბოლო შეხვედრა გვქონდა ნოემბერში. კომუნიკაცია მქონდა, ერთი, სამი კვირის წინ, ტექნიკური საკითხი იყო, მგონი, იმასთან იყო დაკავშირებული, რომ პრობლემა იყო შექმნილი ლარსზე, ერთი თვის წინ იყო ეს. ძალიან დიდი სირთულეები იყო მანქანების გატარებასთან დაკავშირებით იქიდან და აქედან, ტვირთი რაც მიდის ლარსზე. ეს ომამდე იყო. ლარსზე ეს შეფერხება იყო, თუ არ ვცდები, თებერვლის პირველ ნახევარში. ხშირად არის ხოლმე დიდი რიგები კლიმატური პირობების გამო. ძალიან დიდი რიგები იყო თოვლის გამო. სამი კვირის წინ პირობითად ვთქვი, ომამდე იყო ამაზე საუბარი", - თქვა აბაშიძემ.

პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ასევე ჰკითხეს საქართველოს შესახებ გრიგორი კარასინის განცხადებაზე. კარასინმა 24 მარტს თქვა, რომ საქართველოს პოზიცია რუსეთში „შეუმჩნეველი არ დარჩება" და ნათელ მომავალზე ისაუბრა. „მოგცემთ კარასინის ტელეფონს და დაურეკეთ, ჰკითხეთ, რა ჰქონდა მხედველობაში", - მიმართა ჟურნალისტებს აბაშიძემ.

აბაშიძე-კარასინის არაფორმალური შეხვედრების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და მას შემდეგ წელიწადში რამდენჯერმე პრაღაში იმართება. მისი მიზანი კი ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ-კულტურული საკითხების მოგვარებაა, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაწყდა დიპლომატიური კავშირი.

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე შეაფასა „პატრიოტთა ალიანსის" წევრების ვიზიტი მოსკოვში. როგორც ის ამბობს, საქართველოს ხელისუფლებას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, რომ არც დროულია და არც მიზანშეწონილი (მათი ვიზიტი)", - აღნიშნა აბაშიძემ.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი და გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი 4 აპრილს შეხვდნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვლადიმირ ჯაბაროვს.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 150-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

XS
SM
MD
LG