Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა პაპუაშვილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე - თავმჯდომარის კაბინეტი


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კაბინეტი ქალაქ ბუჩაში ჩასვლის საკითხზე უკრაინიდან მიღებული მოსაწვევის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. საქართველოს პარლამენტის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა პაპუაშვილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ პარლამენტის სპიკერმა მოსაწვევი მიიღო 8 აპრილს.

„საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს, 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს გუშინ, 7 აპრილს გაეგზავნა უკრაინის რადას თავმჯდომარის მოსაწვევი წერილი, რომელზეც მას პასუხი არ მიუღია - რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

​წერილი არა თუ გუშინ, არამედ, დღესაც უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ბრიფინგის დროსაც კი არ იყო პარლამენტში შემოსული.

საელჩოდან წერილი გამოიგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა", - ვკითხულობთ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებაში.

უკრაინელი კოლეგის მიწვევას 8 აპრილს განცხადებით უკვე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი. მან გაიხსენა საქართველოს ხელისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს.

„რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“, - ვკითხულობთ შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. მოკლულთაგან ბევრი ეზოებში, ქუჩებსა და საკუთარ სახლებში იყო დახვრეტილი. ბევრ მათგანს ზურგს უკან ჰქონდა ხელები შეკრული. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს და ბუჩის ტრაგედიას „დადგმულს“ უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG