Accessibility links

site logo site logo

რას უნდა ველოდოთ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე


რიკარდ იოჟვიაკი

10 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება. რადიო თავისუფლება გეტყვით, თუ რა უნდა ვიცოდეთ ევროპაში ჩასატარებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრის შესახებ.

მაკრონი პირველ ტურში ალბათ ვერ გაიმარჯვებს. ვინ დარჩება მის მეტოქედ?

არ ელიან, რომ პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი შეძლებს 10 აპრილს არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებას. თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა - ან, თუ ყველა გამოკითხვა არ ცდება - მას 24 აპრილს მოუწევს მეორე ტურში ასპარეზობა. მთელი წლის განმავლობაში ის პოლიტიკური რეიტინგების სათავეშია და ელიან, რომ არჩევნებზე ოცდაათ პროცენტზე ცოტა ნაკლებს მიიღებს.

ვინ იქნება მისი კონკურენტი? ამ წუთისთვის ელიან, რომ ეს მემარჯვენე პოპულისტი მარინ ლე პენი იქნება. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, მაშინ ეს იქნება პირველი შემთხვევა მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში, როდესაც ორი კანდიდატი ზედიზედ მეორედ შეხვდება ერთმანეთს მეორე ტურში - ეს წყვილი ერთმანეთს 2017 წელსაც დაუპირისპირდა. რამდენიმე თვის წინ მარინ ლე პენს ჩავარდნა ჰქონდა, დღეს კი ვარაუდობენ, რომ ლე პენი ხმების 20 პროცენტს მიიღებს და 5 პროცენტით გაუსწრებს ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონს, ხოლო მემარჯვენე-ცენტრისტ ვალერი პეკრესსა და ულტრამემარჯვენე ერიკ ზემურს 10 პროცენტით ჩამოიტოვებს.

რამხელაა პოპულისტური ხმა?

ძალიან დიდი. განსაკუთრებით, თუ ულტრამემარჯვენეებსა და ულტრამემარცხენეებს ერთად ავიღებთ. 12 საპრეზიდენტო კანდიდატიდან 8 შეიძლება სხვადასხვა ჯურის პოპულისტად მივიჩნიოთ. ერთად ისინი, სავარაუდოდ, ხმების 50 პროცენტამდე მიიღებენ პირველ ტურში.

ამათგან ყველაზე აქტუალურნი ლე პენი, ზემური და მელენშონი არიან. პირველმა ყველაფერი გააკეთა, რომ მამამისის, ჟან-მარი ლე პენის კონტროვერსიული შეხედულებები იმიგრაციასთან დაკავშირებით უფრო რბილად წარმოეჩინა, თუმცა თავადაც ლაპარაკობს ხოლმე „ისლამისტური იდეოლოგიის“ საფრთხეებსა და საფრანგეთის „ქრისტიანული კულტურის“ უპირატესობებზე. ამ კამპანიის მსვლელობისას ლე პენმა აქცენტი გააკეთა ამომრჩევლისთვის ალბათ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - ფასების ზრდაზე. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ მარტოხელა დედაა და უკრაინელი ლტოლვილების მიღებას დაუჭირა მხარი.

ლე პენის სასარგებლოდ, როგორც ჩანს, ისიც მოქმედებს, რომ მისი კონკურენტი ზემური გაცილებით ხმამაღლა ლაპარაკობს იმიგრაციის საფრთხეებზე და წარსულში რასობრივი სიძულვილისთვისაა გასამართლებული. მასთან შედარებით ლე პენი უფრო ცენტრისტად მოჩანს. ტოქშოუს ყოფილი წამყვანი ზემური ავითარებს კონსპირაციულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ხდება საფრანგეთის მოსახლეობის ჩანაცვლება დემოგრაფიულად და კულტურულად არაევროპელებით და ამაში მონაწილეობს ამჟამინდელი „პოლიტიკური ელიტაც“.

მელენშონი, თავის მხრივ, ვეტერანი, ენამახვილი პოლიტიკოსია, რომელიც მემარცხენე ხმას იზიდავს საპენსიო ასაკის 60 წლამდე შემცირების დაპირებით, გეგმავს მდიდრებისთვის გადასახადის გაზრდას და ქვეყნის ნატოდან გამოყვანას. ბოლო დღეებში მისი რეიტინგი მატულობს და ლე პენის გადასწრების ყველაზე კარგი შანსი მას აქვს.

რა გავლენას მოახდენს კენჭისყრაზე ომი უკრაინაში?

გავლენას მოახდენს, მაგრამ, წესით, არცთუ დიდს. ბოლო გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 40% ამბობს, რომ ომი გავლენას იქონიებს პირველ ტურში მათ არჩევანზე და 59% მიიჩნევს, რომ მაკრონი უკრაინის მოვლენებს ღირსეულად გაუმკლავდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპიდან კრიტიკულად აფასებენ მის ზარებს პრეზიდენტ პუტინთან, მაგრამ, როგორც ჩანს, საფრანგეთის პუბლიკა მის ამ მცდელობებს პოზიტიურად იღებს. მაკრონი უკრაინისთვის იარაღის გადაცემის მომხრეა და ლტოლვილებსაც იღებს, რასაც ამომრჩეველი ასევე ემხრობა.

საინტერესოა ისიც, რომ პოპულისტების სამეულის ახლო კავშირები მოსკოვთან ომის მიმდინარეობასთან ერთად ნაკლებად დამაზიანებელი ჩანს. ლე პენი თავდაპირველად დაფინანსებას იღებდა რუსული ბანკებისგან და კამპანიის დასაწყისში ბუკლეტებში მისი და პუტინის ფოტოც ჩანდა. ეს ბუკლეტები, როგორც ჩანს, მთლიანად მოიშორეს თავიდან და ახლა ლე პენი პუტინის მოკავშირედ აღარ მოიაზრება. მელენშონი უკრაინის შეიარაღების წინააღმდეგი იყო, ევროპარლამენტში მოღვაწეობისას უკრაინასთან თანამშრომლობის შესახებ წინადადებებს ხმას არასოდეს აძლევდა. როგორც ჩანს, დაზარალდა მხოლოდ ზემური, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თქვა - არცერთი უკრაინელი ლტოლვილი საფრანგეთმა არ უნდა მიიღოსო.

ძველი პოლიტიკური დუოპოლიის დასასრული?

2017 წელს ორმა მნიშვნელოვანმა ძველმა პოლიტიკურმა ძალამ, სოციალისტებმა და მემარჯვენე-ცენტრისტულმა „რესპუბლიკელებმა“ ვერ შეძლეს, რომ კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში გაეყვანათ. ეს პირველად მოხდა საფრანგეთის ომისშემდგომ ისტორიაში. ახლა, როგორც ჩანს, ისინი კიდევ უფრო უარეს შედეგს აჩვენებენ.

რესპუბლიკელი ვალერი პეკრესი სავარაუდოდ მეხუთე ადგილზე გავა და ხმების 10 პროცენტს მიიღებს, სოციალისტი ან იდალგო კი შეიძლება სულაც 2 პროცენტს დასჯერდეს. ისევე, როგორც წინა არჩევნებზე, მაკრონს სრულად მიაქვს ცენტრისტების ხმები, გამოკვეთილად მემარჯვენედ ან მემარცხენედ განწყობილი ამომრჩევლები კი უფრო რადიკალურ ალტერნატივებს ამჯობინებენ.

მაინც, ვინ იქნება საფრანგეთის პრეზიდენტი აპრილის ბოლოს?

მაკრონი ახლაც ფავორიტია და, პროგნოზების მიხედვით, მეორე ტურში 11-ვე კანდიდატს ამარცხებს. თუმცა, სხვაობა მასსა და ლე პენს შორის მცირდება. ბოლო კვლევების მიხედვით, მეორე ტურში მაკრონი იმარჯვებს 53% - 47%-ზე. ხუთი წლის წინ კი მან 66% - 34%-ით მოიგო.

მაკრონს ამომრჩევლებთან შეხვედრები მაინცდამაინც არ ჩაუტარებია - პირველი საარჩევნო შეკრება აპრილში მოაწყო, დანარჩენ დროს კი დიპლომატიას უთმობდა. ეკონომიკასთან დაკავშირებით მას სატრაბახო ნამდვილად აქვს - მისი პრეზიდენტობის პერიოდში უმუშევრობა 9,2%-დან 7,2%-მდე შემცირდა. პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ კი სულაც 7% გახდა.

თუმცა, პრობლემაც ბევრია. სახელმწიფო ვალმა მშპ-ს 115% შეადგინა. მაკრონს საპენსიო სისტემის რეფორმაც ელის - მან მიანიშნა, რომ მზადაა საპენსიო ასაკი 62-დან 65 წლამდე ასწიოს, ამან კი შეიძლება ქვეყანაში დიდი არეულობა გამოიწვიოს - საფრანგეთს ამის გამოცდილება ნამდვილად აქვს. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლე პენი და სხვა კანდიდატები მას სწორედ ამ ფრონტზე შეუტევენ.

გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG