Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია უკრაინის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკაზე: ეს თვითგადარჩენის პოლიტიკაა


გიორგი გახარია 9 აპრილის მემორიალთან, თბილისი, 9 აპრილი, 2022

უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას „თვითგადარჩენის პოლიტიკას“ უწოდებს პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.

გახარიას შეფასებით, ეს პოლიტიკა განპირობებულია ძალაუფლების შენარჩუნებით. მისი სიტყვებით, საქართველოს მთავრობაც და საქართველოს თითოეული მოქალაქეც მორალურად გვერდით უნდა დაუდგეს იმ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის.

ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნება ეფექტური და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, ჩვენი ქვეყნის რეალურ ომში ჩათრევა. ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს, თვითგადარჩენის პოლიტიკაა. ეს არ არის პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის თვითგადარჩენის პოლიტიკა, რომელიც განპირობებულია და რომელსაც განსაზღვრავს ერთი რამ - ძალაუფლების შენარჩუნება, არც ხალხზე, არც ქვეყანაზე, არც თავისუფლებაზე და არც ღირსებაზე ფიქრი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გახარიამ 9 აპრილის მემორიალთან, რომელიც მან ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას.

გიორგი გახარიამ ასევე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, არ ჩავიდეს ბუჩაში უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის მიწვევის შემდეგ, როგორც „საქციელი, რომელსაც არანაირი მორალური გამართლება არც დღეს და არც მომავალში არ ექნება“.

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩასულიყო უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ეხილა, თუმცა საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა ჯერ გაავრცელა ცნობა, რომ შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადის თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია.

მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საელჩოდან წერილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG