დღეს, 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე პარტია „დროას“ ორგანიზებით მშვიდობიანი აქცია გაიმართება. ამ წუთებში პარლამენტის წინ სცენა მონტაჟდება.
„გავერთიანდეთ და ყველამ ერთად ვთქვათ, რომ საქართველო არის და იქნება თავისუფალი, მშვიდობიანი, ერთიანი და ღირსეული ქვეყანა“, - წერენ აქციის ორგანიზატორები.
მათი განცხადებით, სწორედ 9 აპრილის დღემ განსაზღვრა და შექმნა საქართველოს სახელმწიფო:
„ამ დღეს დამარცხდა ბოროტების იმპერია მართალი, მებრძოლი, პრინციპული, დამოუკიდებლობის იდეით შეპყრობილი, ერთიანობით გაძლიერებული საქართველოს მოქალაქეების მიერ. ეს არის დღე, რომელმაც მოიტანა მსხვერპლი და მოიტანა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ღირებულებები, რომლებიც არასდროს ასეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, როგორც დღეს“.
აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ერთი წამით გადადონ ხელოვნური გამყოფი ხაზები, რომლებიც, მათი შეფასებით, კრემლმა და „ქართულმა ოცნებამ“ დააწესა და გაერთიანდნენ 9 აპრილის იდეის გარშემო.
„დაე, ეს იყოს ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, განაცხადი, რომ დღეს ბოროტების წინაშე ვდგავართ ძლიერად, რომ საქართველო არასდროს არ ჩაჰყვება საფლავში საბჭოთა კავშირს, რომელიც ახლა, კიდევ ერთხელ, მარცხდება უკრაინაში, მათ შორის, ქართველი მებრძოლების მონაწილეობით“.
აქციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები. ასევე, აქციაზე შეკრებილებს მიმართავს უკრაინის რადის წევრი, ოლექსი გონჩარენკო.