Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა


სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, 9 აპრილი, 2022
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, 9 აპრილი, 2022

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა და 1989 წლის 9 აპრილის დარბევისა და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ისაუბრა.

მისი სიტყვებით, დღეს არ უნდა დავივიწყოთ ზვიად გამსახურდია, ვინც იდგა დამოუკიდებლობის აქტის სათავეში და მისი - „მის მიერ მიღებული ყველაზე სწორი, ყველაზე დროული, პოლიტიკური და, ვიტყოდი, ეროვნული გადაწყვეტილება - გამოცხადებული რეფერენდუმი“.

ზურაბიშვილის თქმით, ამ აქტით გაიმარჯვა თავისუფლებამ და გაიმარჯვა საქართველომ.

„1991 წლის 9 აპრილს, ამ აქტზე ხელის მოწერით - დავამარცხეთ 1989 წლის 9 აპრილის ღამის ტრაგედია! ამ აქტით აღასრულეთ 9 აპრილს შეწირულთა ნება და ხმა ერისა.... ამ აქტით, და ერთად, დავამარცხეთ 9 აპრილის ტანკები, დავამარცხეთ ნიჩბები და დავამტკიცეთ, რომ მსხვერპლი ტყუილად არ ყოფილა. სწორედ მათი უმაღლესი მონაპოვარია, რომ სულ ცოტა ხანში, ორი წლის შემდეგ, რეფერენდუმით გამყარებული დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. სწორედ იმ დღიდან, 9 აპრილი საზეიმო დღედ გადაიქცა, სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენისა და გამარჯვების სიმბოლოდ! ასე უნდა აღვიქვამდეთ მას და ამ დღეს ზეიმით უნდა აღვნიშნავდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა პარალელი გაავლო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთნ და აღნიშნა, რომ დღეს, როცა ისტორია უკრაინაში კიდევ ერთხელ თავის უსასტიკეს სახეს გვიჩვენებს, როცა რუსის ტანკები, დამოუკიდებელ ქვეყანას თავს ესხმის და როცა ოცდამეერთე საუკუნეში „წარმოუდგენელი ბარბაროსული სცენები იხატება“, ჩვენი ქვეყნის განვლილი ისტორიის ტრაგიკული მაგალითი იმედის და მხნეობის მომცემია.

„ამიტომ ვიცით და გვჯერა, რომ უკრაინის მიერ გაღებული უმძიმესი მსხვერპლი, მისი გამარჯვების საწინდარი იქნება. ვიცით და გვჯერა, რომ ბუჩასა და კრამატორსკის ტრაგედიები, როგორც ჩვენი 9 აპრილის ტრაგიკული ღამე, გახდება სულიერი გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების საწინდარი.

ასეთი შავი დღეები საზრდოა ეროვნული სულის სიმტკიცისა და გამძლეობისა. დღეს ამას რომ ვამბობთ, ამ დიდი მარხვის დღეებში, ვიცით და გვჯერა, როგორც ჯვარცმას მოჰყვება აღდგომა, ისე ტანჯვას მოჰყვება გამარჯვება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოება უკვე თანხმდება ყველაზე მთავარზე:

„ერთიანები ვართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების არჩევანში,

ერთიანები ვართ ევროინტეგრაციის გზის არჩევანში,

ერთიანები ვართ კანონის უზენაესობის არჩევანში.

დღეს ასევე, ერთიანები ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარობაში. ჩვენს ერთობაზეა დამოკიდებული, რომ სხვამ ვერ შეძლოს ჩვენი მანიპულირება, ჩვენი პროვოკაციაში ჩათრევა და ჩვენ მიერ არჩეული გზიდან გადახვევა. ჩვენ თუ ჩვენს თავში ვიქნებით დარწმუნებულნი, გაერთიანებულნი ჩვენი მთავარი პრინციპების ირგვლივ და შევძლებთ, რომ არსებული გამოწვევების წინაშე ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია გვქონდეს და ბოლომდე დავიცვათ, ეს იქნება 9 აპრილის კიდევ ერთი გამარჯვება“.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილის მონაწილე უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ასევე, სახალხო პოეტს, მიხა ხელაშვილს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG