უკრაინის მთავრობის განცხადებით, მან რუსეთთან ჩაატარა ტყვეთა გაცვლის ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც 12 უკრაინელი სამხედრო და 14 სამოქალაქო პირი განთავისუფლდა და სახლებს დაუბრუნდება.
"პრეზიდენტ [ვოლოდიმირ] ზელენსკის ბრძანებით, დღეს [9 აპრილს] შედგა ტყვეთა მესამე გაცვლა. სახლში ბრუნდება ჩვენი 12 [სამხედრო] მოსამსახურე, მათ შორის ერთი ქალი ოფიცერი" - წერს ტელეგრამზე უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი.
მისი თქმით, 14 გათავისუფლებული სამოქალაქო პირიდან ცხრა ქალია.
ვერეშჩუკი არ აკონკრეტებს გათავისუფლებული რუსების რაოდენობას.
უკრაინის არმიამ 1 მარტს გამოაცხადა, რომ რუსეთთან შედგა ტყვეთა პირველი გაცვლა მას მერე, რაც მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო. ტყვეთა გაცვლის მეორე ოპერაცია 1 აპრილს გაიმართა.
დაწერეთ კომენტარი