Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დონეცკის ოლქში აბრუნებს ქვეყნიდან იძულებით გაყვანილ უკრაინის მოქალაქეებს


რუსეთის ფედერაცია დონეცკის ოლქში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, აბრუნებს ქვეყნიდან იძულებით გაყვანილ უკრაინის მოქალაქეებს. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

მისი განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრამდე ერთი კვირით ადრე, 2022 წლის 18 თებერვლიდან, რუსეთის ფედერაციამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან, დონეცკის ოლქიდან, იძულებით დაიწყო უკრაინის მოქალაქეების რუსეთში ევაკუაცია „მათი უსაფრთხოების დაცვის“ საბაბით.

ქვეყნიდან ძირითადად გაიყვანეს ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები:

„რუსული სტუმართმოყვარეობა" - ახლა, საოკუპაციო ხელისუფლებამ მიიღო ბრძანება რუსი კურატორებისგან, რომ მოქალაქეები დააბრუნონ დასახლებულ პუნქტებში. ადამიანების იძულებითი დაბრუნება იმ ტერიტორიებზე, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, პირდაპირი დარღვევაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონვენციის მეორე მუხლის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკრაინის მოქალაქეების განზრახ სიცოცხლის მოსპობა. მოვუწოდებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიასა და ეუთოს საექსპერტო მისიას, შეისწავლონ რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ეს ფაქტები“, - წერს სოციალურ ქსელში ლუდმილა დენისოვა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG