საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ლიდერობენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" წარმომადგენელი მარინ ლე პენი, რომლებიც ერთმანეთს 24 აპრილს, მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.
Ifop-ის, OpinionWay-ის, Elabe-ის and Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, მაკრონი ლე პენს პირველ ტურში უსწრებს - წინასწარი შედეგით, მას ხმების 28.1-29.5 პროცენტი ერგო, ლე პენს - 23.3-24.4% პროცენტი.
მესამე ადგილზეა მემარცხენე კანდიდატი ჟან-ლიუკ მელანშონი, ხმათა დაახლოებით 20 პროცენტით. ანალიტიკოსების აზრით, მეორე ტურის წინ მის პოზიციაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
მეოთხე ადგილზე გადის ნაციონალისტურ-პოპულისტური ორიენტაციის ერიკ ზემური, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარი ლე პენს დაუჭირა.
მარცხი იწვნიეს კანდიდატებმა ე.წ. "სისტემური" პარტიებიდან - მემარჯვენე-ცენტრისტული რესპუბლიკელებიდან და სოციალისტებიდან. ვალერი პეკრესმა და ენ იდალგომ განაცხადეს, რომ მხარს მაკრონს დაუჭერენ, რათა არ დაუშვან ხელისუფლებაში "ექსტრემისტების" მოსვლა.
არჩევნების ეს მონაცემები დიდწილად იმეორებს 5 წლის წინ ჩატარებული კენჭისყრის შედეგს, როცა მეორე ტურში ასევე მაკრონი და ლე პენი გავიდნენ. მაშინ მაკრონმა მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, სოციოლოგების პროგნოზით, ბრძოლა უფრო რთული იქნება.
საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს ანალიზის თანახმად, ცენტრისტი პოლიტიკოსის, ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობის ვადა დაემთხვა მძაფრ შიდაპოლიტიკურ და საგარეო კრიზისებს - მათ შორის ასახელებენ "ყვითელი ჟილეტების" სოციალურ პროტესტს, რადიკალური საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმართულ გაფიცვებს, კორონავირუსის პანდემიას და რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ, მიმდინარე ომს.
თავისი კანდიდატურის მეორე ვადით წამოყენების შესახებ მაკრონმა მხოლოდ 3 მარტს გამოაცხადა, როცა 40-ზე ნაკლები დღე იყო დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე. მან თქვა, რომ არ შეუძლია კამპანიის წარმოება "ისე, როგორც ამას ისურვებდა". მაკრონმა ასევე უარი განაცხადა პირდაპირ დებატებში მონაწილეობაზე სხვა კანდიდატებთან და ამის მიზეზად დაძაბული სამუშაო გრაფიკი დაასახელა.
სააგენტო Associated Press-ი წერს ბოლო პერიოდში მაკრონის რეიტინგის დაცემაზე, მაღალი ინფლაციის და პროდუქტებზე, საწვავზე ფასების ზრდის ფონზე.
დაწერეთ კომენტარი