Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული პრესის თანახმად, რუსეთი ციმბირში ასახლებს უკრაინელებს


უკრაინელი ლტოლვილები
უკრაინელი ლტოლვილები

ბრიტანეთის პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ასახლებს საკუთარი სახლებიდან ათასობით კილომეტრზე მდებარე რუსეთის ტერიტორიებზე - ციმბირში, პოლარული წრის მიღმა, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში.

ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent-ი იტყობინება სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით. სხვა ბრიტანულმა გამოცემამ, The i-მ,11 აპრილს გამოაქვეყნა ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთის მთავრობის ბრძანებულებით, 11 ათასი ადამიანი განაწილებულია ციმბირში, 7 ათასი - შორეულ აღმოსავლეთში და 7 ათასი - ჩრდილოეთ კავკასიაში. The i-ის წყაროების თანახმად, უკრაინელები იგზავნებიან ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში.

როგორც The i იტყობინება, რუსეთის მთავრობის განკარგულების თანახმად, უკრაინაში „არსებული ვითარების გათვალისწინებით“ რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა მოქალაქეთა განაწილება „რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში“ და ითხოვს 95739 ადამიანის „მიღების უზრუნველყოფას“.

The Independent-ის თანახმად, „საპორტო ქალაქ მარიუპოლის მაცხოვრებლებს მოსთხოვეს, ხელი მოეწერათ დოკუმენტებისთვის, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ მათ ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალები უშენდნენ ცეცხლს. როგორც იტყობინებიან, ხელის მომწერებს ეუბნებოდნენ, რომ მათ არ შეუძლიათ უკრაინაში დაბრუნება, ვინაიდან იქ მათ ‘დევნა’ ემუქრებათ“.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთი მის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან სამოქალაქო მოსახლეობას ასახლებს დონბასში, სეპარატისტულ რეგიონებში, ან აგზავნის რუსეთში.

უკრაინის ხელისუფლება მოითხოვს, შეწყდეს მისი მოქალაქეების იძულებით გასახლება რუსეთისა და მის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.

XS
SM
MD
LG