Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოზე: მნიშვნელოვანი დარღვევები ადამიანის უფლებების სფეროში


კედელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობის ფოიეში.
კედელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობის ფოიეში.

12 აპრილს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. მასში მიმოხილულია პიროვნების, სამოქალაქო, პოლიტიკური და შრომის უფლებები, რომლებიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციითა და საერთაშორისო შეთანხმებებითაა განსაზღვრული. ანგარიშში მიმოხილულია ყველა ქვეყანა, რომელიც აშშ-ისგან დახმარებას იღებს და გაეროს ყველა წევრი ქვეყანა - მთლიანობაში 198 ქვეყანა და ტერიტორია.

საქართველოს შესახებ ანგარიშში მოკლედ არის მიმოხილული საანგარიშო პერიოდის წინა წელს, 2020 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნები და ის ძირითადად დადებითადაა შეფასებული. სახელმწიფო დეპარტამენტი იმოწმებს ეუთოს დასკვნებს, რომელთა თანახმად, კენჭისყრა კონკურენტული იყო და ძირითადად დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. „მაგრამ ამომრჩეველზე ზეწოლის, ასევე მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის მოშლა ამცირებდა მოქალაქეთა ნდობას პროცესის ზოგიერთ ასპექტში.“ ხაზგასმულია ასევე მკვეთრი დისბალანსი რესურსებში, რაც „დიდ უპირატესობას ანიჭებს ხელისუფლებაში მყოფ ძალას“.

ანგარიშის მიხედვით, არის იმის ნიშნები, რომ დროდადრო სამოქალაქო ხელისუფლება ეფექტიან კონტროლს ვერ ახორციელებდა ადგილობრივ უშიშროების ძალებზე, მოიპოვება „სანდო ინფორმაცია უშიშროების ძალების მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევების შესახებ.“

„ადამიანის უფლებების სფეროში მნიშვნელოვანი დარღვევების თაობაზე სანდო ცნობებს შორისაა: სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები და შერჩევითი ან უკანონო დაკავებები, გამოძიებები და სასამართლო დევნა, რომლებიც ფართოდ არის მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად; უკანონო ჩარევა პირად სფეროში; ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და ძალადობის მუქარა; მშვიდობიანი და თავისუფალი შეკრებისა და გაერთიანების შეზღუდული პატივისცემა; და დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან მუქარებს, რომელთა სამიზნეა“ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები და აქტივისტები, ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ მიიღო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ ზომები ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, მაგრამ „დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩებოდა“.

ანგარიშში გაკრიტიკებულია მთავრობა, რომელმაც დამაჯერებლად არ გამოიძია და არ დასაჯა 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები.

ანგარიშში ნახსენებია წინა საანგარიშო წლებში პოლიციის მიერ ძალის არასათანადო გამოყენების მაგალითები, ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის გატაცება და ნათქვამია, რომ ამ დანაშაულებისთვის დამნაშავეებს პასუხი არც საანგარიშო წლის განმავლობაში აგებინეს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილია, რუსეთის მესაზღვრეები მოსახლეობას გადაადგილებას უშლიდნენ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევათა შორის ჩამოთვლილია სარწმუნო ცნობები უკანონო დაპატიმრებებისა და გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების მიმართ. ეთნიკური ქართველებისთვის შეზღუდვები მოქმედებდა კენჭისყრაში მონაწილეობასა და პოლიტიკურ პროცესში სხვა სახით მონაწილეობაში. დოკუმენტში აღნიშნულია ასევე, რომ ეთნიკური ქართველები შეზღუდული არიან ქონებისა და ბიზნესის სფეროშიც. საგანგებოდაა აღნიშნული „ბორდერიზაციის“ პროცესი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომელიც ზღუდავს მოქალაქეთა გადაადგილებას და მათ წყვეტს საკუთარი თემისა და საცხოვრებლისგან.

„რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებათა წარმომადგენლები დაუსჯელად არღვევდნენ კანონს,“ დაასკვნიან ანგარიშის ავტორები.

მედიის წინააღმდეგ კანონდარღვევებზე საუბრისას ანგარიშში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის სექტემბრის ბოლომდე აღირიცხა მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის 93 შემთხვევა. ჟურნალისტების მიმართ კანონდარღვევებს შორის იყო ასევე უკანონო მიყურადების 55 შემთხვევა. სხვათა შორის ნახსენებია, რომ რადიო თავისუფლებისა და „ფორმულის“ ჟურნალისტებმა დაადასტურეს, რომ ფარულ ჩანაწერებში მართლაც ფიგურირებდა მათი საუბრები.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა 2022 წლის მარტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა საკითხი და ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რასაც ძლიერი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ავტორები შენიშნავენ, რომ პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისს წინა დღეებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას ნოემბერში რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ კლინიკაში მისი ძალით გადაყვანის პროცესში. ამასთან დაკავშირებით ანგარიშში მოტანილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი, როცა გაასაჯაროვეს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის რამდენიმე სადავო ვიდეო.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების თემაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ 17 თებერვალს გამოტანილ განაჩენს და დაპატიმრებას, რაც დამოუკიდებელმა იურისტებმა პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს. ანგარიშში მოტანილია საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა, რომ მელიას დაპატიმრება „არც დასაბუთებული იყო და არც აუცილებელი“.

ანგარიშში ნახსენებია ასევე გიორგი რურუას შემთხვევა, რომელიც, მელიასთან ერთად, პოლიტიკურ პატიმრად იყო მიჩნეული ოპოზიციური პარტიების მიერ. „ისინი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად მიიჩნევენ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც,“ ნათქვამია დოკუმენტში.

იქვე აღნიშნულია, რომ მთავრობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს უფლებას აძლევდა, მოენახულებინათ პირები, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად და დაკავებულებად მიიჩნეოდნენ და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკეთა ეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG