Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის რადის თავმჯდომარის ინტერვიუ აძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს


ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, დეპუტატი.
ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, დეპუტატი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაიზიარეს პარტია „ლელოს“ ინიციატივა უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით, „სხვადასხვა არგუმენტზე დაყრდნობით“, ასევე მხედველობაში მიიღეს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ინტერვიუ, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედს" მისცა. კობახიძის განცხადებით, ინტერვიუ შეიცავდა „ოპტიმიზმით გაჯერებულ გზავნილებს ორმხრივი მიმართულებით“, რაც გახდა უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტი იქნება უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ სოლიდარობის გამოხატულების ნიშანი და საუბარი ასევე შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს.

ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ინტერვიუ უკრაინის ვერხოვნა რადის თავმჯდომარესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ეს ინტერვიუ გვაძლევს ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ყველა საკითხი ერთბაშად მოგვარდება, შეუძლებელია, თუმცა გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება თავის კოლეგასთან მეგობრული საუბარი უკრაინაში და ეს გახდება დასაწყისი ყველა საკითხის გადაჭრისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში მედიასთან საუბარში.

ის ასევე გამოეხმაურა უკრაინაში ვიზიტით მიმავალი საპარლამენტო ჯგუფის შემადგენლობის საკითხს.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არ არის მაინც და მაინც მისაღები ომის პარტიასთან ერთად ამ ვიზიტის განხორციელება. აქ მოცემულობა არის უკვე შეცვლილი - ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ყველა დეტალი გადაიხედება ამ ახალი მოცემულობის გათვალისწინებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დღეს, 13 აპრილს, გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მეგობრული კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან.

"ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ "იმედის" ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა", - წერს შალვა პაპუაშვილი.

გუშინ, 12 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში წავა საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შემადგენლობით.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა.

"უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა [რუსლან] სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იმავე დღეს ვრცელი განცხადებით უპასუხა მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ ნახეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი.

პაპუაშვილმა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას უწოდა ადამიანური და ისტორიული ვალი, რომელსაც შეასრულებენ "უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებების" მიუხედავად. მან უკრაინულ მხარეს გაახსენა საქართველოს ხელისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს.

"რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

მიწვევიდან მეორე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა პაპუაშვილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა უპასუხა მის მიწვევაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის რეაქციას. სტეფანჩუკი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ პაპუაშვილმა ბუჩასა და ირპენში მიწვევა დაახასიათა როგორც შეუსაბამო, მაშინ, როცა მეგობარი ამას მიწვევის გარეშე უნდა აკეთებდეს.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 190-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

XS
SM
MD
LG