Accessibility links

site logo site logo

პაპუაშვილი: მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მეგობრული კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. მან "ფეისბუკზე" დაწერა, რომ არსებობს უკრაინაში ჩასვლის მზაობა.

"ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები...

განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები", - აცხადებს პაპუაშვილი.

მისი თქმით, გეგმავს უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში რუსულ აგრესიაზე და ქვეყნების ევროპულ მომავალზე.

"ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ "იმედის" ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია... დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით.

კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ", - წერს პაპუაშვილი.

გუშინ, 12 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში წავა საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შემადგენლობით.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა.

"უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა [რუსლან] სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იმავე დღეს ვრცელი განცხადებით უპასუხა მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ ნახეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი.

პაპუაშვილმა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას უწოდა ადამიანური და ისტორიული ვალი, რომელსაც შეასრულებენ, "უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებების" მიუხედავად. მან უკრაინულ მხარეს გაახსენა საქართველოს ხელისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს.

"რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

მიწვევიდან მეორე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა პაპუაშვილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა უპასუხა მის მიწვევაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის რეაქციას. სტეფანჩუკი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ პაპუაშვილმა ბუჩასა და ირპენში მიწვევა დაახასიათა როგორც შეუსაბამო, მაშინ, როცა მეგობარი ამას მიწვევის გარეშე უნდა აკეთებდეს.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 190-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG