Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი და სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდნენ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი (მარცხნივ), უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი (მარჯვნივ).
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი (მარცხნივ), უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი (მარჯვნივ).

საქართველოს პარლამენტი ავრცელებს ინფორმაციას პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილისა და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ონლაინშეხვედრის თაობაზე. ინფორმაციის თანახმად, „მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში“.

„შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა“, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.

მასში ასევე წერია, რომ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი ტრაგიკული შედეგები.

"რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, აგრეთვე, საქართველოში მყოფი უკრაინელებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის. შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 13 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღეს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ინტერვიუ, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედს" მისცა. კობახიძის განცხადებით, ინტერვიუ შეიცავდა „ოპტიმიზმით გაჯერებულ გზავნილებს ორმხრივი მიმართულებით“, რაც გახდა უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დღეს, 13 აპრილს, გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG