Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა განიხილავს ნატოს წევრობის შესაძლებლობას


შვედეთის თავდაცის მინისტრი პეტერ ჰულტკვისტი

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პეტერ ჰულტკვისტმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შვედეთი აიძულა, ხელახლა გააანალიზოს საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

„საგარეო საქმეთა მინისტრ ანა ლინდეს ხელმძღვანელობით ამჟამად ვაანალიზებთ შვედეთის უსაფრთხოების ყველა ვარიანტს. ნატოს წევრობა ერთ-ერთი შესაძლებლობაა, მაგრამ არსებობს სხვა ვარიანტებიც, რომლებსაც გავაანალიზებთ. მაისის შუა რიცხვებში ან მაისის ბოლოს წარმოვადგენთ ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ მოვიქცეთ მომავალში“, - განუცხადა ჰულტკვისტმა Reuters-ს.

შვედეთის გარდა მისი მეზობელი ფინეთიც განიხილავს ნატოში წევრობის შესაძლებლობას.

ჰულტკვისტის თქმით, ნატოში ამ ორი ქვეყნის შესაძლო გაწევრიანების მთავარი მიზეზი არის ის, თუ როგორ მოქმედებს რუსეთი უკრაინაში და ის, რომ მან დაიწყო ომი.

„ეს არის ძირეული საკითხი, ასი პროცენტით. ისინი არიან ‘ცუდი ბიჭები’. ისინი აკეთებენ ცუდ რამეებს და ჩვენ რაიმენაირად უნდა გქონდეს ამაზე რეაქცია“, - დასძინა მან.

როგორც მიმდინარე კვირაში წერდა ბრიტანული The Times-ი ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ფინეთი და შვედეთი ნატოში შესვლას უკვე ამ ზაფხულში გეგმავენ.

ეს „რუსეთის დიდი სტრატეგიული შეცდომაა“, მოჰყავს გაზეთს წყაროს სიტყვები.

თუკი ეს გეგმები განხორციელდება, ფინეთი გახდება ქვეყანა, რომელსაც ნატოს წევრთა შორის ყველაზე გრძელი (1300 კილომეტრზე მეტი) საზღვარი ექნება რუსეთთან. ამავე დროს ფინეთსაც და შვედეთსაც მოეპოვებათ გრძელი სანაპირო ზოლი და მრავალრიცხოვანი კუნძულები ბალტიის ზღვაში.

ორივე ქვეყანას ნეიტრალური სტატუსი აქვს. ამასთან, შვედეთი 200 წლის განმავლობაში არ შესულა არავითარ სამხედრო კავშირში. მაგრამ უკანასკნელ ხანებში რუსეთის აგრესიის გავლენით ორივე ქვეყანაში შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი - სულ უფრო მეტი ფინელი და შვედი უჭერს მხარს ნატოში შესვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG