Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არესტოვიჩის ცნობით, იწვის კრეისერი „მოსკვა“, რომელიც „ნა ხ...-ზე გაუშვეს" კუნძულ ზმეინის მცველებმა


ფოტო არქივიდან: რუსეთის სარაკეტო კრეისერი „მოსკვა".
ფოტო არქივიდან: რუსეთის სარაკეტო კრეისერი „მოსკვა".

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა „იუთუბის" არხის (ФЕЙГИН LIVE) პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტის ფლაგმანს, კრეისერ „მოსკვა“-ს გარკვეული მოულოდნელობა შეემთხვა - ძლიერ იწვის. კრეისერზე ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა 510-ს შეადგენს.

„არ ვიცით, რა მოხდა. ან ორმა მატროსმა მოწია [სიგარეტი] არასათანადო ადგილზე, ან მორიგ ჯერზე დაარღვიეს უსაფრთხოების რაღაც ნორმები. როგორღაც არ უმართლებთ. როგორც ბელგოროდს არ გაუმართლა, ისე არ გაუმართლა „მოსკვას“, - განაცხადა არესტოვიჩმა. მან დააზუსტა, რომ ეს სწორედ ის ხომალდია, რომელიც კუნძულ ზმეინის მცველებმა „ნა ხ...-ზე გაუშვეს".

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველ დღეებში კრეისერ „მოსკვა"-დან მოსთხოვეს უკრაინის კუნძულ ზმეინის მცველებს ჩაბარებულიყვნენ, რაზეც მათ უარი განაცხადეს. მალე გავრცელდა მათი დიალოგის ამსახველი აუდიოჩანაწერი:

„მე რუსეთის სამხედრო გემი ვარ. გთავაზობთ დაყაროთ იარაღი და სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად დაგვნებდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიბომბებით“.

ამ განცხადებას მოსდევს პასუხი: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“

რუსული ხომალდის შესახებ ლეგენდარული ფრაზის ავტორი რომან გრიბოვი, მოგვიანებით, მშობლიური ჩერკასის ოლქის მცველის ორდენით დააჯილდოვეს.

კუნძული ზმეინი
კუნძული ზმეინი

რომანი, კუნძულ ზმეინის სხვა მცველებთან ერთად, რუსების ტყვეობიდან ტყვეთა გაცვლის შედეგად გათავისუფლდა.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG