Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ ელისტის ადმინისტრაციის თანამშრომელი რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ გავრცელების გამო დააპატიმრეს


რუსეთის უშიშროების თანამშრომლებმა დააკავეს ყალმუხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ელისტის საქალაქო ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის არმიის მოქმედების თაობაზე „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებაში.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის რეგიონული სამმართველოს ცნობით, ეჭვმიტანილმა შექმნა „ტელეგრამის“ არხი და თავის სამუშაო კომპიუტერიდან აქვეყნებდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ინფორმაციებს.

მოხელის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანონს, რომელიც „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თაობაზე წინასწარგანზრახული ყალბი ინფორმაციის გამოქვეყნებისგან რუსეთის და მის მოქალაქეების ინტერესების დაცვას“ ითვალისწინებს, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მიმდინარე წლის 4 მარტს მოაწერა. კანონის დარღვევისთვის მოქალაქეებს ემუქრებათ 5 მილიონი რუბლის ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით. ხოლო თუ ყალბი ინფორმაციის გავრცელება მძიმე შედეგებს გამოიწვევს, მაშინ სასჯელის ვადა 10-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ კანონის ამოქმედებიდან დღემდე რუსეთის სასამართლოებმა არმიის „დისკრედიტაციის“ გამო განსახილველად 610 საქმე მიიღეს წარმოებაში.

XS
SM
MD
LG