Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გატაცებული, გაუპატიურებული ბავშვები და უკრაინული ენის მეხსიერებიდან წაშლა - სახალხო დამცველი


უკრაინიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იძულებით გაყვანილია 150 ათასამდე ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა და ამბობს, რომ საოკუპაციო ძალებმა უკრაინიდან იძლებით გაიყვანეს არა მხოლოდ ობოლი ბავშვები, არამედ ბავშვები, რომლებსაც მშობლები და ნათესავები ჰყავთ.

ლუდმილა დენისოვას თქმით, ამ დროისათვის ის ფლობს ინფორმაციას უკრაინიდან იძულებით წაყვანილი 40 ადამიანის შესახებ, რომელთაგან 37 ბავშვია:

„17 ბავშვია გაყვანილი ქალაქ მარიუპოლის ტუბერკულოზის ბავშვთა სანატორიუმიდან. მარიუპოლიდან ასევე გაყვანილები არიან ოჯახები, რომლებიც ზრდიდნენ ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. იძულებითაა წაყვანილი ოკუპანტების მიერ მოკლული წყალბურთელის, უკრაინის ჩემპიონის, 12 წლის ქალიშვილი. რუსეთის ტერიტორიაზეა გადაყვანილი 9 წლის ბიჭი, რომლის დედაც მარიუპოლში დაბომბვას ემსხვერპლა. ბიჭს ბებია ეძებს და ითხოვს მის მეურვეობას“.

უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებითვე, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი გეგმავს დაიწყოს სისტემური მუშაობა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან რუსეთში გაყვანილი უკრაინელი ბავშვებისთვის რუსული ენის შესწავლის მიმართულებით:

ლუდმილა დენისოვა
ლუდმილა დენისოვა

„ბავშვები, რომლებიც ლაპარაკობენ და რომლებსაც ესმით უკრაინული ენა, აუცილებელი მოთხოვნის საფუძველზე შეისწავლიან რუსულ ენას. რუსეთის ხელისუფლება გეგმავს გაანადგუროს პატარა უკრაინელების ენა, წაშალოს მათი მეხსიერება, რომელიც უკრაინას უკავშირდება“, - წერს ლუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში.

სახალხო დამცველი მიმართავს გაეროს ბავშვთა ფონდს უკრაინაში, გაეროს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს, დაეხმარონ უკრაინას ბავშვებისა და იმ ოჯახების დაბრუნებაში, რომლებიც ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ზრდიან.

ის ასევე მოუწოდებს გაეროს ადამიანის უფლებათა საგამოძიებო კომისიას, ყველა მსგავსი ფაქტი შეაფასოს ომის დანაშაულად და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ბავშვთა უფლებების დარღვევად:

„ბავშვთა გატაცება ოკუპანტი ქვეყნის მიერ არღვევს ჟენევის კონვენციის 49-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, ომის დროს დაცული უნდა იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დარღვეულია გაეროს კონვენციის 38-ე მუხლი ბავშვთა უფლებების შესახებ და ეს ქმედებები ექცევა „გენოციდის“ განმარტების ქვეშ“.

გარდა უკრაინიდან იძულებით გაყვანილი ბავშვების შესახებ, ლუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში სისტემატურად ავრცელებს ინფორმაციას რუსული საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული და გაუპატიურებული ბავშვებისა და მოზარდების შესახებ.

სწორედ მან გაავრცელა რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია ხუთი რუსი ჯარისკაცის მიერ გაუპატიურებული 14 წლის გოგოს შესახებ, რომელიც ორსულადაა. მისივე ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცმა დედის თვალწინ გააუპატიურა 11 წლის ბიჭი.

BBC-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ 25-მდე გოგო, რომელთა ასაკი 14-დან 24 წლამდეა, კიევის ოლქში, ქალაქ ბუჩის ოკუპაციის პერიოდში, სისტემატური გაუპატიურების მსხვერპლები იყვნენ:

„ახლა ცხრა მათგანი ორსულადაა. რუსი ჯარისკაცები მათ ეუბნებოდნენ, რომ ისე გააუპატიურებდნენ, რომ აღარასდროს მონდომებოდათ კაცის დანახვა, რათა ვერასდროს გაეჩინათ უკრაინელი ბავშვები“.

უკრაინის სახალხო დამცველი ამბობს, რომ გაუპატიურების ფაქტების ზუსტი რაოდენობის დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ მისი თქმით, ეს შემთხვევები არის ბევრი.

14 აპრილის დილის 10 საათის მონაცემებით, უკრაინაში დაღუპულია 197 ბავშვი. დაშავებული და დაჭრილია 351.

XS
SM
MD
LG