Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდესაც ორჯერ ორი ნამდვილად ოთხია


"ჩალის ნაგაზები" (1971, აშშ, რეჟისორი სემ პეკინპა)

თუკი ადამიანისთვის ყოფიერების ჭეშმარიტი მნიშვნელობა მართლაც ვლინდება მხოლოდ ცხოვრების ყველაზე ღრმა რყევების დროს, მაშინ ე.წ. სასაზღვრო სიტუაცია ჩვენი გამოცდაც ყოფილა. ისტორია ერთგვარი თერმომეტრია, ადამიანის ზნეობის და ადამიანის თავისუფლების საზომი. მშვიდ გარემოში, კომფორტში ყველანი ანგელოზები ვართ. გასაჭირსა და ომში კი შესაძლებელია მხეცებს დავემსგავსოთ - სრულიად დავკარგოთ ადამიანობა.

საკმაოდ ბევრი დაიწერა იმაზე, რომ "ოსკარებით" დაჯილდოების წლევანდელი ცერემონია უსაშველოდ მოკლებული იყო ისტორიულ ადეკვატურობას. ამ თითქმის მარაზმატული შოუს და კინოაკადემიის ნომინანტების მიხედვით ვერ გავიგებდით, რა ხდება მსოფლიოში 2022 წელს, რეალურად რა აწუხებთ ადამიანებს და, თუ გნებავთ, რაზე ოცნებობს დღეს სამყარო. არადა, იყო დრო, როცა "ოცნებების ფაბრიკა" არა მარტო ოცნებობდა, არამედ ტკივილებს იკვლევდა... არა მარტო რომელიმე ვარსკვლავის საჯდომზე ჩქმეტის გამო გამოხატავდა პროტესტს (თუნდაც "ფიზიკური ნაკლის" მითითების გამო), არამედ ქალების, ბავშვების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა აღელვებდა. ამ თვალსაზრისით უნიკალურიცაა 1971/72 წლები, როცა მსოფლიო ეკრანებზე ერთდროულად გამოდის სტენლი კუბრიკის "მექანიკური ფორთოხალი", ჯონ ბურმენის "თავის დახსნა" და სემ პეკინპას "ჩალის ნაგაზები". ძნელია ახლა იმის თქმა, ზუსტად რამ განაპირობა ეს დამთხვევა, რატომ გახდა ძალადობის ანატომიის კვლევა 70-იანი წლების დასავლური კინოს ძირითადი ტენდენცია (რამდენიმე წელიწადში ამ ფილმებს მარტინ სკორსეზეს "ტაქსისტი" დაემატა)... 68 წლის დამარცხებული რევოლუციის შედეგია? "ცივი ომის" წინათგრძნობა? ვიეტნამი? ტერორიზმის საფრთხე? ისიც ნიშანდობლივია, რომ ყველა ამ ფილმს გამომწვევი პესიმიზმი ახასიათებს - მათ ავტორებს აღარ აქვთ სურვილი, მიგვანიშნონ მაინც ტოტალური ბოროტების დამარცხების გზებზე. მორჩა ილუზიები და რეცეპტები! სისტემაში, რომელიც არსებობას ინარჩუნებს ძალადობისა და უსამართლობის ფუნდამენტზე, ყველაზე კეთილშობილ ადამიანსაც კი სტრესული სიტუაცია მკვლელად აქცევს.

სემ პეკინპამ განგებ ჩამოაშორა თავისი ამერიკელი გმირები, ცოლ-ქმარი სამნერები (დასტინ ჰოფმანი და სიუზენ ჯორჯი) დიდ ქალაქს, იმ ადგილს, სადაც ეგ სისტემა მთელი თავისი არსებით შიშვლდება ხოლმე. "ჩალის ნაგაზების" გმირები პატარა ბრიტანულ სოფელში გადასახლდებიან, იქ, სადაც, წესით, ხალხი "ბუნებაში" ცხოვრობს და მომხმარებლური საზოგადოების ნევროზები ნაკლებად ახასიათებს. მაგრამ სამნერები სოფელში ჩასვლისთანავე აღმოჩნდებიან უკიდურესად დამთრგუნველ გარემოში, სადაც კანონის დამცველი მაიორი, ცალხელა კაცი (კანონი, როგორც "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე") ვეღარ უწევს წინააღმდეგობას ზღვარგადასულ ქსენოფობიას, უცხოსა და უცხოელის დევნას (ხომ არ გეცნობათ?)... ინტელიგენტი მათემატიკოსი, დევიდ სამნერი კი გამოფხიზლდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხიფათი მის სამყოფელს, მის პირად ცხოვრებასა და პირად საკუთრებას დაემუქრება.

"მისი ცხოვრება არის მათემატიკური ფორმულები დაფაზე", - ასე დაახასიათებს მოგვიანებით დასტინ ჰოფმანი თავის გმირს. ჰოფმანის მოწვევით დევიდ სამნერის როლზე, პეკინპამ პირველმა დაანგრია იმიჯი, რომელიც დიდმა მსახიობმა "ჩალის ნაგაზებამდე" დაამკვიდრა ჰოლივუდში; მოკრძალებული, მორცხვი, ცოტა შერეკილი ჰოფმანი გადაიქცა მონსტრად, რომელიც ძალადობას ძალადობით უნდა დაუპირისპირდეს... არადა, თავიდან ზუსტად ისეთია, როგორც ფილმებში, რომლებშიც პირველი როლები განასახიერა. პეკინპამ (ცხადია, ისევ და ისევ ჰოფმანის დახმარებით) თითქოს არა მარტო "ნაგაზების" მთავარ გმირს, ლიბერალ მათემატიკოსს ჩამოხსნა ნიღაბი, მან ფაქტობრივად ააყირავა დასტინ ჰოფმანის ეს იმიჯიც, გვითხრა რა, რომ ძალადობის ინსტინქტი ადამიანის, როგორც "ჯიშის" ბუნებრივი მოცემულობაა. ის აუცილებლად გამოიღვიძებს, როგორც კი შესაბამისი პირობები შეიქმნება საზოგადოებასა და ისტორიაში.

"ჩალის ნაგაზები" ჩავარდა კინოგაქირავებაში. მაყურებელი უკმაყოფილო დარჩა ჰოფმანის იმიჯის ასეთი უმოწყალო ნგრევით და არც პეკინპას პესიმისტური, ნაწილობრივ "შავი იუმორით" გაზავებული ფილმით აღფრთოვანდა. პრეტენზიები გამოითქვა ორაზროვნების მიმართაც, რომელსაც პეკინპა ზოგჯერ ხელოვნური ხერხებით აღწევს (გაუპატიურების ეპიზოდი მართლაც რომ ვირტუოზულადაა დამონტაჟებული და მაყურებელის მანიპულაციის უნიკალური მაგალითია კინოხელოვნებაში). თუმცა, მოგვიანებით, როცა "ჩალის ნაგაზებს" ძალადობის თემაზე გადაღებული ფილმები დაემატა, როცა პეკინპას სურათის პრემიერიდან 2 წლის შემდეგ ევროპის ეკრანებზე სრულიად გაშიშვლდა სისასტიკის ბუნება ლუი მალის "ლაკომბ ლუსიენსა" და ლილიანა კავანის "ღამის პორტიეში", ნათელი გახდა "ჩალის ნაგაზების" მნიშვნელობა მსოფლიო კინოს ისტორიაში.

დიახ, შეიძლება მოძველდა 70-იანი წლების კინოში (და არა მარტო კინოში) პოპულარული იდეები ადამიანის "ბუნებრივ" დესტრუქციულობასა და სისასტიკეზე, რომელთანაც ბრძოლას არსებითად აზრი არა აქვს, რადგან ბიოლოგიური მოცემულობაა... მაგრამ ნამდვილად არ მოძველდა, პირიქით, უფრო მეტი სიმძაფრე შეიძინა ლიბერალიზმის კრიტიკამ, რომელსაც, თავის მხრივ, ასე დაუნდობლად, ასე უკომპრომისოდ მიმართა პეკინპამ, ბევრად ადრე თუნდაც მიხაელ ჰანეკეს "სახალისო თამაშების" პრემიერამდე. ინტელექტუალები უძლურნი ხდებიან ძალადობის წინაშე, დიპლომატია ვერ ახერხებს მხეცის დაოკებას, დასავლური ცივილიზაცია უსუსურია გაუსწორდეს პირუტყვს... და ამას ხვდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოროტება კარს მიადგება, მის კომფორტულ სამყოფელს, მის სახლს, მის ქონებას დაემუქრება. სწორედ ამ დროს გაშიშვლდება ხოლმე ნიუანსების და ნახევარტონების მავნებლობა. ორჯერ ორი ნამდვილად ოთხი ხდება. ბოროტებას თავისი სახელი უბრუნდება. სწორედ ამ დროს იქცევა სამყარო შავ-თეთრად. სხვა საქმეა, რას ირჩევს ადამიანი ზღვრულ სიტუაციაში. შავს თუ თეთრს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG