Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისში 3 ადგილზე გააპროტესტა საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევები


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან.

უზენაეს სასამართლოსთან, იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთდროულად გამართა საპროტესტო აქციები „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". ოპოზიციური პარტია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ აღნიშნულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს აპროტესტებს.

„ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს. უსმენს ყველას, დაწყებული პოლიტიკური ოპონენტებიდან, დამთავრებული სასულიერო პირებით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველო დაადგეს ევროპის გზას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ. იმ პირობებში, როდესაც გამოუძიებელია საკითხები, ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ ყველა საქმე იყოს გამოძიებული, სამართალი და მართლმსაჯულება იყოს აღსრულებული", - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით ლაგვილავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან

12 აპრილს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. მასში მიმოხილულია პიროვნების, სამოქალაქო, პოლიტიკური და შრომის უფლებები, რომლებიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციითა და საერთაშორისო შეთანხმებებითაა განსაზღვრული. ანგარიშში მიმოხილულია ყველა ქვეყანა, რომლებიც აშშ-ისგან დახმარებას იღებენ და გაეროს ყველა წევრი ქვეყანა - მთლიანობაში 198 ქვეყანა და ტერიტორია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების თემაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ 17 თებერვალს გამოტანილ განაჩენს და დაპატიმრებას, რაც დამოუკიდებელმა იურისტებმა პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს. ანგარიშში მოტანილია საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა, რომ მელიას დაპატიმრება "არც დასაბუთებული იყო და არც აუცილებელი".

ანგარიშში ყურადღება ეთმობა 2022 წლის მარტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა საკითხი და ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რასაც ძლიერი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ავტორები შენიშნავენ, რომ პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა დღეებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას ნოემბერში რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ კლინიკაში მისი ძალით გადაყვანის პროცესში. ამასთან დაკავშირებით ანგარიშში მოტანილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი, როცა გაასაჯაროვეს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის რამდენიმე სადავო ვიდეო.

ანგარიშში ნახსენებია ასევე გიორგი რურუას შემთხვევა, რომელიც, მელიასთან ერთად, პოლიტიკურ პატიმრად იყო მიჩნეული ოპოზიციური პარტიების მიერ. „ისინი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად მიიჩნევენ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

XS
SM
MD
LG