Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგეტიკის ექსპერტის თქმით, ევროკავშირი წერტილს უსვამს რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას


მიუხედავად დასავლეთის სანქციებისა, რუსეთმა აპრილში შესაძლოა თითქმის 800 მლიარდი რუბლი დამატებითი შემოსავალი მიიღოს. ამის შესახებ აცხადებს რუსეთის ფინანსთა სამინისტრო. მიზეზია საწვავის ფასების ზრდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთისთვის სერიოზულ პრობლემებს ვერ ხედავს, თუკი ევროპა მასობრივად იტყვის უარს რუსეთის ნავთობსა და გაზზე. მისი თქმით, ქვეყანას აქვს გეგმა, რა უყოს რუსეთის ენერგორესურსებს.

ამ საკითხების შესახებ რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი ტელეპროექტი, Current Time-ი ესაუბრა ნავთობგაზის სექტორის ანალიტიკოსს, მიხაილ კრუტიხინს.

პუტინის სიტყვებით დავიწყოთ. ის ამბობს, რომ დასავლეთის რიგი ქვეყნების მიერ ნორმალურ თანამშრომლობაზე უარმა უკვე დაარტყა მილიონობით ევროპელს, გამოიწვია ნამდვილი ენერგეტიკული კრიზისი. პუტინის თქმით, ეს აშშ-ზეც აისახება. ასეა? და მართლა არის თუ არა ეს ენერგეტიკული კრიზისი?

აი, მე ახლა ევროპაში ვარ, არავითარი ენერგეტიკული კრიზისი არ არის, არ შეიმჩნევა. არც შეერთებულ შტატებში ჩემს მეგობრებს შეუნიშნავთ არავითარი კრიზისი. ეს ისევ და ისევ ძველი სიმღერებია იმის შესახებ, რომ აი, მოიცადეთ, ახლა აშშ დაბლა მიექანება, დავეწევით და გავუსწრებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ა.შ. ეს იგივე ბოდვაა, რომელიც წლითიწლობით გვესმოდა საბჭოთა კავშირში.

მაგრამ სწორად იყო ნახსენები, რომ რუსეთს ყველაფერი ეს შეეხება საშუალო, გრძელვადიან პერსპექტივაში. უკვე ეხება. შეხედეთ, ევროპაში გაზის ექსპორტი უკვე შემცირდა, ის დაახლოებით 33%-ის დონეზე იყო აპრილის დამდეგს, ახლა კი უკვე დაახლოებით 24% არის. ევროპამ უკვე ნელ-ნელა დაიწყო მომჭირნეობა, მეტი გათხევადებული გაზის შესყიდვა, ანუ პროგრამა, რომელსაც იღებენ რუსეთზე დამოკიდებულებაზე უარის სათქმელად, მუშაობს. და მომავალში კიდევ უფრო სწრაფად იმუშავებს. და ევროპა შვიდი წლის შემდეგ კი არ შეძლებს [რუსეთის გაზზე უარის თქმას], არამედ, ორიოდე წლის შემდეგ შეძლებს თქვას: „კრიტიკულად არ ვართ დამოკიდებული რუსეთიდან გაზის მოწოდებაზე, კმარა ჩვენი შანტაჟი, კმარა ყოველ ზამთარს ჩვენთვის გაზის გათიშვა, ამასთან დაკავშირებით რაღაც პოლიტიკური მოთხოვნების წაყენება“. ანუ ევროპა წერტილს უსვამს რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას.

აი, შემდეგ კი პრეზიდენტმა თქვა, ნავთობსა და გაზს სადღაც სხვაგან გავყიდითო. და, აი, ეს არის ყველაზე დიდი, გიგანტური შეკითხვა: სად? ჯერ ერთი, პრეზიდენტი ოდესღაც ამბობდა: „მოდით, შევუერთოთ დასავლეთის გაზსადენები აღმოსავლეთისას და ევროპიდან გაზის ნაკადი გადავისროლოთ აზიისკენ, აზიიდან ევროპისკენ, იმის მიხედვით, თუ სად იქნება ჩვენთვის უფრო სარფიანი.“ მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს გაზსადენები არ არსებობს. იმისთვის, რომ გაზის ტრადიციული მოპოვების რაიონები შევაერთოთ, მაგალითად, ჩინეთთან, რომელიც, სხვათა შორის, ჯერ არ დათანხმებულა, რომ მასთან მიიყვანონ ეს მილი მონღოლეთის გავლით, საჭიროა შვიდი წელი, შესაძლოა რვა წელი. ხოლო იმისთვის, რომ ეს მილი მივიყვანოთ სიმძლავრემდე, რომელიც საჭიროა ევროპის შესაცვლელად, წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრამდე მაინც უნდა ავიდეთ. შარშან ევროპას 145 მილიარდი კუბური მეტრი მივაწოდეთ. ამას, ვფიქრობ, ათ წლამდე დასჭირდება. როგორ შევცვლით ევროპული ბაზრის გაზს, როგორ გადავისვრით აზიაში? არ არსებობს ამის შესაძლებლობა, მიახლოებითაც კი არა. არც გაზსადენებია, არც დრო, არც ჩინეთის სურვილი. იგივე ამბავია ნავთობთან დაკავშირებით.

შეხედეთ, ჩინეთის მიმართულებით რუსეთი ექსპორტზე უშვებს წელიწადში 80 მილიონ ტონა ნავთობს. ეს არის მაქსიმუმი, რის გადაქაჩვაც შეიძლება იქით ყველა, ყველა, ყველა არსებული მარშრუტით... ყველაფერი დავიანგარიშეთ და სულ ეს წელიწადში 80 მილიარდი ტონით შემოიფარგლება, მეტი არაფრით არ გამოვა. ეს ვერაფრით ვერ შეცვლის ევროპას ვერავითარი აღმოსავლეთის მიმართულებით. რა, ინდოეთში გავგზავნოთ ნავთობი, როგორც ახლახან ლაპარაკობდნენ? ინდოეთმა აგერ ახლა, გუშინ გამოაცხადა, რომ რუსეთის ნავთობს არ მიიღებს იმ პირობებით, რასაც მას სთავაზობენ. ანუ რა გამოდის, ჩვენ თვითონვე უნდა მოვიხმაროთ ეს ნავთობი რაიმენაირად?

პუტინი კი სწორედ ამას ამბობს, მაშინ შიდა ბაზარზე მოვიხმართო. ვინ? როგორ?

სად უნდა წავიღოთ შიდა ბაზარზე არსებული გაზი? რა, ამისთვის ბაზარი მოგვეპოვება? არა. აი, იანგარიშეს. შორეული აღმოსავლეთი - კარგი, მოდით, გაზით დავამზადოთ პოლიეთილენი, პოლიპროპილენი, რაღაც სამშენებლო მასალები. რამდენია, მაგალითად, საჭირო აღმოსავლეთ ციმბირის გაზისთვის, კომბინატს ავაშენებთ ამურის მხარეში. და შიდა ბაზარი როგორია წელიწადში? 27 ათასი ტონა, ეს სასაცილოა. რჩება მხოლოდ ჩინეთი. ჩინელები კი, ჯერ ერთი, ამისკენ დიდად არ ისწრაფვიან. უკვე შეაჩერეს ამ გაზქიმკომბინატის პროექტის დაფინანსება და მომავალში როგორ მოიქცევიან, უცნობია. ჯერჯერობით ისინი რუსეთის გაზს მცირე მოცულობით ყიდულობენ ევროპულ ფასებთან შედარებით 10-ჯერ უფრო იაფად. მაგალითად, ერთ მომენტში, ევროპაში ე.წ. გაზის კრიზისის პერიოდში, გაზი იქ ორი ათას დოლარად იყიდებოდა, ჩინელები 200 დოლარს იხდიდნენ რუსეთის გაზში, რომელსაც გაზსადენ „სილა სიბირის“ მეშვეობით იღებდნენ. კარგი, შევცვალოთ. და შინაბაზარზე სად წაიღებთ ყველაფერ ამას? ეს ნიშნავს საწარმოების დახურვას, ჭაბურღილების დახურვას, რომლებიც ნავთობსა და გაზს იძლევა, ეს ნიშნავს უმუშევრობას. წარმოიდგინეთ რომელიმე პატარა ქალაქი დასავლეთ ციმბირში, სადაც სამ მილიონ ტონა ნავთობს მოიპოვებენ, მოპოვების ძალიან კარგი დონეა. ქალაქში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გააჩერეს, არ იციან, რა უყონ ნავთობს, არავინ ყიდულობს, რუსეთის ნავთობს ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, ემბარგო, რომლისაც არ ეშინია რუსეთის პრეზიდენტს. და ამ 30 ათას ადამიანს რას უპირებთ?

აი, როგორც გვესმის, რუსეთს აპრილში, ყოველ შემთხვევაში, როგორც ფინანსთა სამინისტრო ამბობს, გაზისა და ნავთობის გაყიდვიდან სარეკორდო შემოსავალი აქვს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორში ყველაფერი რიგზეა და დასავლეთი ჯერაც მართლა გამოუვალ მდგომარეობაშია, განაგრძობს რუსეთის რესურსების შესყიდვას, ფაქტობრივად, ომს უწევს სპონსორობას?

რა თქმა უნდა. და სანამ გაზის ფასები მაღალია და რუსეთის გაზს ყიდულობენ, გაზი კი უკრაინის ტერიტორიაზე გადის, ვინაიდან უკრაინელები ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს სატრანზიტო ხელშეკრულების მიხედვით და გაყინვის საშუალებას არ აძლევენ ევროპელებს, რომლებიც მათ ეხმარებიან რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ამიტომ დიახ, ამ ბაზარზე ახლა გაზიც და ნავთობიც იყიდება და ვაჭრობენ, მაგრამ სულ უფრო და უფრო ნაკლები ნავთობი მიაქვთ, სულ უფრო და უფრო ნაკლები გაზი მიაქვთ. OPEC-ის უკანასკნელი პროგნოზი რომ ნახოთ ნავთობთან დაკავშირებით, გამოდის წლის განმავლობაში რუსეთის ნავთობმოპოვება დაახლოებით 26 მილიონ ტონას დაკარგავს, წელიწადში დაახლოებით 524 მილიონი ტონიდან, რასაც ჩვეულებრივ საშუალოდ მოვიპოვებთ ამჟამად. ესაა ჩვენი მოპოვების პოტენციალი. 26 [მილიონი] იკარგება. სხვა ანალიტიკოსების ახალი პროგნოზებით კი ეს შეიძლება იყოს არა 26 მილიონი, არამედ 75 მილიონი ტონა, ასახელებენ უფრო დიდ რიცხვებსაც. არ არის გამორიცხული, რომ ის მომენტი, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო ასახელებს, რომ 2035 წლისთვის რუსეთმა შესაძლოა თავისი მოპოვების 40% დაკარგოს, რომ ეს 40% დადგება არა 2035 წელს, როგორც სამინისტრო გვპირდება, არამედ უკვე 2023 წელს.

ახლა მთელი კრიტიკა ძირითადად, ყოველ შემთხვევაში, უკრაინის მხრიდან, მიმართულია გერმანიის მისამართით, ვინაიდან გერმანია, როგორც კიევის ხელისუფლება აცხადებს, მაინც განაგრძობს გაზის შესყიდვას, არაა მზად მასზე უარის სათქმელად. და თითქოს ევროკავშირის ლიდერთა ყველა შეხვედრაზე თითქოს სწორედ გერმანია ამუხრუჭებს რუსეთის გაზსა და ნავთობზე უარის თქმის პროცესს. მართლაც ასე უჭირს გერმანიას რუსეთის გაზსა და ნავთობზე უარის თქმა?

მე ვფიქრობ, აქ ერთგვარი გაზვიადებაა. გერმანიის მთავრობაში უკვე რამდენიმე განცხადება იყო იმის თაობაზე, რომ მათ ორი წელი სჭირდებათ რუსეთის გაზზე უარის სათქმელად. ჯერ ერთი, იქ მართლა ამოქმედდა პროექტები, რომლებსაც მერკელის მთავრობამ ოდესღაც ვეტო დაადო. და აგებენ ორ ტერმინალს გათხევადებული გაზის მისაღებად. აღიარეს, რომ მზად არიან, უზრუნველყონ რუსეთისგან დამოუკიდებლობა, ხელოვნურად შეამცირონ რუსეთისგან გაზის შესყიდვის შემცირება და გარკვეული დროით ისეთი მნიშვნელოვანი დარგების მუშაობის შეჩერებაც კი, როგორებიცაა ფოლადის წარმოება და ქიმიის დარგი, მხოლოდ იმისთვის, რათა იქ არ მოიხმარონ გაზი. ანუ გერმანიის მთავრობის მიერ დაგეგმილი ყველა ზომის მიხედვით, უკვე შეიძლება იმის იმედის ქონა, რომ ორი წლის შემდეგ თავიანთ დანაპირებს შეასრულებენ.

პუტინი ამბობს, რომ არსებობს ყველა შესაძლებლობა, რათა სწრაფად გამოინახოს ალტერნატიული გზები. ამით მოსახლეობას ამშვიდებს მაშინ, როცა ევროპის საჰაერო სივრცე ფაქტობრივად ჩაკეტილია რუსეთისთვის, სახმელეთო და საზღვაო [კავშირები] კი მალე შეჩერდება?

როცა პუტინი ამბობს, არა იმას, რომ „გამოსავალი ვიპოვეთ“, არამედ იმას, რომ „გამოსავლის პოვნის შესაძლებლობები გვაქვს“, ეს ორი ძალიან დიდი განსხვავებაა, როგორც ოდესაში იტყოდნენ ხოლმე. შეეძლო ეთქვა: „მთავრობას დავავალე, მიიღოს გადაუდებელი ზომები საიმისოდ, რომ გამოინახოს გზები.“ როგორც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამბობს ასეთ რამეებს: „ასე უნდა იყოს, განკარგულება გავეცი, რომ იყოს აი ასე“. მაგრამ არა, არ გამოდის, აბა გვიპოვეთ საკითხების გადაჭრის ეს ალტერნატიული გზები. შემდეგ კი პუტინი იმუქრება რუსეთის ეკონომიკის შემდგომი თვითიზოლაციით, ანუ ის ყბადაღებული ენერგიისა და იმპორტის ჩანაცვლება და ა.შ.: როგორც ის ამბობს, რაღაცნაირად გამოვეყოფით მთელს დანარჩენ მსოფლიოს და დამოუკიდებლად განვვითარდებით. ასე არ ხდება. ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებთან თანამშრომლობის გარეშე ვერც თვითმფრინავს ვერ ააგებთ, ვერც მანქანას და უთოსაც კი ვერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG