საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი ხელმძღვანელობით გაიმართა სპეციალური კომისიის სხდომა, სადაც ევროკავშირის კანდიდატობის კითხვარი განიხილეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა სამთავრობო უწყება არის მობილიზებული იმისთვის, რომ კითხვარი მაქსიმალურად მოკლე დროში შეავსონ და გაუგზავნონ ევროპელ კოლეგებს.
„მოლოდინი არის პოზიტიური. აქ რაიმე პრობლემური საკითხი არ არსებობს. კითხვები უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მოწყობას, განვითარებას, ზოგადად იმ რეფორმებს და პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ. ასევე, რაც დასახული გვაქვს. მთელი მთავრობა, ასევე პარლამენტი ჩართულია ამ პროცესში. მე პირადად ვუწევ კოორდინაციას იმისთვის, რომ დროულად და ეფექტიანად მოხდეს ამ კითხვარის შევსება და ევროკომისიისთვის გადაცემა. ეს მაისის თვეში მოხდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში ყოფნის დროს. ის 16 აპრილს თელავში, მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყების პრეზენტაციას დაესწრო.
ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური კითხვარის პირველი ნაწილი საქართველოს მიმდინარე წლის 11 აპრილს გადაეცა. პასუხგასაცემი სულ 369 კითხვაა.
ხელისუფლების პასუხებზე დაყრდნობით, ევროპელი პოლიტიკოსები შეაფასებენ, მზადაა თუ არა საქართველო, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
დოკუმენტში ევროკომისია ხელისუფლებას სთხოვს, დაასაბუთოს პასუხები და მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები.
კითხვარი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს.
საქართველო ასევე მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილსაც, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას.