Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გვეკითხება ევროკავშირი, სანამ კანდიდატის სტატუსს მოგვცემს - მთავარი კითხვები დოკუმენტიდან


ევროკავშირის კანდიდატობის კითხვარი - ნახეთ, რა კითხვებზე უნდა ვუპასუხოთ.

მთავრობამ გაასაჯაროვა კითხვარი, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს 11 აპრილს გადასცა.

პასუხგასაცემი 369 კითხვაა. სწორედ ხელისუფლების პასუხებზე დაყრდნობით, ევროპელი პოლიტიკოსები შეაფასებენ, მზადაა თუ არა საქართველო, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

დოკუმენტში ევროკომისია ხელისუფლებას სთხოვს, დაასაბუთოს პასუხები და მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები. ამასთან, ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, თუ როგორ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც დაეკისრა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით, და ასევე „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმებით. ევროპელი პოლიტიკოსები ხელისუფლებას სთხოვენ, სადაც საჭიროა, მოიყვანოს შესაბამისი რიცხვები და მონაცემები.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კითხვარის შევსებაში ყველა სახელმწიფო უწყება ჩაერთვება. მისი ინფორმაციით, ევროკომისიის შეფასება ივნისის ბოლოს გვეცოდინება.

რას გვეკითხებიან?

საქართველოს მზაობა შეფასდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით.

პოლიტიკა

კითხვების უმრავლესობა (369-დან 314) ეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს. პოლიტიკის თავი მოიცავს: 1) დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, 2) მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, 3) ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

საქართველოს მზაობის შესაფასებლად, მათ შორის, გვეკითხებიან:

  • რამდენად გამჭვირვალედ ინიშნებიან მოსამართლეები?
  • როგორ მუშაობენ სასამართლო, პარლამენტი, სახელმწიფო აპარატი?
  • რამდენად დამოუკიდებლები არიან ისინი და როგორ ართმევენ თავს ანგარიშვალდებულებას?
  • რამდენად მოძლიერებული და თავისუფალია სამოქალაქო საზოგადოება?
  • რამდენად კარგად იცავს ქვეყანა მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს: შეკრების, გამოხატვის და წამებისგან თავისუფლებას. დაცულია თუ არა მათი სინდისის თავისუფლება და პირადი ცხოვრება?
  • რამდენად თანასწორები არიან საქართველოს მოქალაქეები? რამდენად დაცულები არიან დისკრიმინაციისგან, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით. შეუძლიათ თუ არა ერთი სქესის პარტნიორებს ოჯახის შექმნა?
  • რას აკეთებს ქვეყანა სხვადასხვა უმცირესობის, მათ შორის, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად. რამდენად ეფექტურად იძიებს სახელმწიფო დანაშაულებს მათ წინააღმდეგ?
  • რა პირობებში ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და რა ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ გარემო შესაბამისობაში მოვიდეს მათ საჭიროებებთან?

ათზე მეტი კითხვა ეხება ბოშათა თემის უფლებრივ მდგომარეობას. ევროკომისია ინტერესდება: ცხოვრობენ თუ არა ისინი ცალკე, მიუწვდებათ თუ არა ხელი განათლებაზე, ჯანდაცვაზე, რას აკეთებს სახელმწიფო საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის?

ეკონომიკა

ეკონომიკური კრიტერიუმების შესაფასებლად, ევროკომისიას, სხვა საკითხებთან ერთად, აინტერესებს:

  • რამდენად მარტივია კერძო კომპანიის დარეგისტრირება, ბიზნესის კეთება, რამდენად აქვთ ფულზე წვდომა ცალკეულ მოქალაქეებს და კომპანიებს?
  • როგორ არეგულირებს კანონმდებლობა ბანკების მუშაობას? რამდენად მაღალია კრედიტების პროცენტები, რა ემუქრებათ მოქალაქეებს, მათი ვერგადახდის შემთხვევაში და როგორ ეხმარება მათ სახელმწიფო?
  • რა არის შრომითი ბაზრის მთავარი გამოწვევა?
  • რამდენად კონკურენტუნარიანები არიან საქართველოს მოქალაქეები და ქართული კომპანიები ევროპელებთან შედარებით? მაგალითად, რამდენი მკვლევარი მოდის 1000 მშრომელზე, არის თუ არა სპეციალური სექტორები, რომელთა მთავარი საქმიანობაა სტრატეგიის დაგეგმარება და კვლევა?
  • რამდენად განვითარებულია საავტომობილო გზები, რამდენად მიუწვდება მოსახლეობას ხელი ინტერნეტზე? ვინ არიან საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები?

რატომ გვეკითხებიან?

ევროკომისიამ უნდა შეაფასოს, რამდენად აკმაყოფილებს საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელ პირობებს. მათზე ევროკომისია 1993 წელს, კოპენჰაგენში შეთანხმდა. იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის წევრი გახდეს:

  • კანდიდატმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების უფლებების დაცვის პატივისცემას;
  • უნდა ჰქონდეს მუშა საბაზრო ეკონომიკა და უნდა შეეძლოს ევროკავშირის შიგნით კონკურენციასა და საბაზრო ძალებთან გამკლავება;
  • უნდა შეეძლოს, საკუთარ თავზე აიღოს წევრობისთვის აუცილებელი ვალდებულებები. ეს მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული ერთიანობის ერთგულებას.

სულ ესაა?

არა. საქართველოს მთავრობა აღნიშნავს, რომ სულ მალე მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს. იგი მთლიანად დაეთმობა წევრობის მესამე კრიტერიუმს. ანუ „დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას”.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება დააბრუნებს ყველა პასუხს, ევროკომისია შეფასებს ქვეყნის მზაობას და, საჭიროების შემთხვევაში, გასცემს რეკომენდაციებს.

სხვებს რამდენი?

ევროკომისიამ კითხვარი საქართველოს, მოლდოვასთან ერთად გადასცა. იქამდე სამი დღით ადრე კი, უკრაინას. საქართველომ და მოლდოვამ 369 კითხვას უნდა უპასუხონ. უკრაინამ - 368-ს.

როგორც წესი, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყნებს გაცილებით მეტი პასუხის გაგზავნა უწევთ ხოლმე. მაგალითად, 2016 წელს ბოსნიის ხელისუფლებამ ევროკომისიისგან 3242 კითხვა მიიღო.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG