Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: სანქციებზე საქართველოს მთავრობის განცხადებები არ ეწინააღმდეგება ქვეყნის მონაწილეობას საერთაშორისო სანქციებში


არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი.
არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი.

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ საქართველო უკრაინის მხარდამჭერია საერთაშორისო სანქციების საკითხში, პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ გუნდის ლიდერების განცხადებები კი მეტწილად ეხებოდა დამატებით სანქციებს, ორმხრივ სანქციებს:

„მათ შორის ერთ-ერთი იყო, ეხებოდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და ამ კონტექსტში, მე ვფიქრობ, რომ განცხადებები, რომლებიც გააკეთა მთავრობამ და გააკეთეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერებმა, ნამდვილად არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სანქციებში საქართველოს მონაწილეობას. და რატომ, ამის არგუმენტსაც მოგიყვანთ - ამ განცხადებების დროსაც და მანამდეც იყო, როდესაც, მაგალითად, იგივე მთავრობამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ირაკლი ღარიბაშვილი, მიიღო თანმიმდევრული გადაწყვეტილებები სანქციებთან მიმართებაში. მათ შორის ერთ-ერთი იყო ფინანსური სანქციები. თუნდაც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ საქართველო პასუხისმგებლობით და თანმიმდევრულად ასრულებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, სანქციების ძირითად პაკეტს გვერდს დასავლური საზოგადოების ნაწილი და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი ვერცერთი ქვეყანა გვერდს ვერ აუვლის, თუმცა პრეფერენციულ სანქციებზე ყველა ქვეყანა თავად იღებს გადაწყვეტილებას. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტისას საქართველოს გადაწყვეტილების საკითხზე სრული ურთიერთგაგება დაფიქსირდა:

„ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ უკრაინასაც, დასავლეთსაც საქართველო სჭირდება უსაფრთხოების მეტი გარანტიებით, სჭირდება ძლიერი ეკონომიკით, სჭირდება ფუნქციური დემოკრატიით და ძლიერი მმართველობით და შესაბამისად, ეს კონცეფცია ძალიან მარტივია. თუ საქართველოში მმართველობას ექნება პრობლემები, თუ საქართველოში ეკონომიკა დაინგრევა, თუ საქართველოში უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოიშლება, რა თქმა უნდა, საქართველო ვერ შეძლებს ვერც უკრაინის დახმარებას და მხარდაჭერას ვერ შეძლებს ვერც საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში თავისი მისიის შესრულებას-ამაზეც იყო უკრაინაში ვიზიტისას საუბარი და მე ვფიქრობ, რომ უკრაინელებსაც სურთ, რომ საქართველო იყოს უსაფრთხო, საქართველო იყოს ძლიერი ამ დროს, როდესაც საქართველო სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებას და თავის მეგობრებს. ვფიქრობ, რომ კითხვის ნიშნის გარეშეა ეს საკითხი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინიდან 17 აპრილს დაბრუნდა. საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციისგან დაკომპლექტებული დელეგაცია ერთი დღით იმყოფებოდა უკრაინაში. საპარლამენტო დელეგაციაში მონაწილეობაზე უარი თქვა პარლამენტის ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომლის ლიდერებიც უკრაინაში დამოუკიდებლად ჩავიდნენ.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. პირველი განცხადება სანქციებზე უარის თქმის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე დღეს გააკეთა და შემდეგაც, ბევრჯერ გაიმეორა. „ქართული ოცნების“ განმარტებით, სანქციების დაწესება "ქართველი ხალხის ინტერესებს" ეწინააღმდეგება, რუსეთთან ომის გამოცხადების ტოლფასია და ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯისკენ ქვეყანას "ომის პარტია" - ოპოზიციური ძალები უბიძგებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG