Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღარც ომი, აღარც მშვიდობა, აღარც ტოლსტოი - რის გამო დაგიჭერენ რუსეთში?


უკრაინაში გაჩაღებული ომის გაკრიტიკება რუსეთის მოქალაქეებს თითქმის აღარ შეუძლიათ. მით უმეტეს, ეკრძალებათ იმაზე ლაპარაკი, თუ რა დანაშაულებს სჩადიან რუსი ჯარისკაცები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

აიღეთ ქაღალდი, დააწერეთ „მშვიდობა”, დაიჭირეთ ხელში და დადექით ქუჩაში - რუსეთში ამისთვის დაგაჯარიმებენ, ან ციხეში მოხვდებით. სულერთია, რას ამბობთ - თუ ომის წინააღმდეგი ხართ, დაისჯებით. ისინი, ვინც ჯერაც ბედავენ ხელისუფლების გაკრიტიკებას, ამბობენ, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად „სამხედრო ცენზურაა” დაწესებული.

კანონი “ფეიკების შესახებ”

4 მარტს ხელისუფლებამ რუსული სამხედრო ძალების დისკრედიტაცია სისხლის სამართლის დანაშაულად აქცია. მოქალაქეებს ეკრძალებათ, გაავრცელონ „მცდარი ინფორმაცია” რუსეთის ჯარის ქმედებების შესახებ.

გარდა ამისა, კანონში ჩაიწერა, რომ დაისჯებიან ისინიც, ვინც მოუწოდებს სხვებს, „ხელი შეუშალონ რუსული ჯარის გამოყენებას ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის”.

საკანონმდებლო ცვლილებას არაფორმალურად უწოდეს კანონი „ფეიკების შესახებ”.

ათ დღეში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანაში „ნაციონალ-მოღალატეები” არსებობენ და რომ რუსეთმა მათგან საკუთარი თავი უნდა გაწმინდოს.

„ხალხი გაარჩევს პატრიოტებს ნაძირლებისა და მოღალატეებისგან და უბრალოდ გადმოაფურთხებს [პირში] შემთხვევით შეფრენილი ქინქლივით”, - თქვა მან.

“ომი მშვიდობაა”

რუსეთში ომზე აზრის გამოხატვისთვის დაპატიმრებული და დაჯარიმებულია უკვე ათასობით ადამიანი. ყველა მათგანი, ამა თუ იმ ფორმით, აპროტესტებდა მას. ან უბრალოდ საუბრობდა იმაზე, რასაც მალავს რუსული მედია.

პირველებს ადმინისტრაციული წესით სჯიან. მეორეებს - სისხლისსამართლებრივით. ფორმალური მიზეზი, ძირითადად, ორია. ერთი ძველი: „არასანქცირებული მიტინგის გამართვა” და ერთიც ახალი: კანონი „ფეიკების შესახებ”.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ОВД-Инфо“-ს ინფორმაციით, მხოლოდ ომის პირველ თვეში, რუსეთში 15 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათგან 412 არასრულწლოვანი იყო.

ამ დროისთვის უცნობია, კიდევ რამდენ ადამიანს გადასწვდა რუსული „მართლმსაჯულება”, თუმცა ომის მოწინააღმდეგეთა რიგები მარტის მეორე ნახევარში საგრძნობლად შეთხელდა. გახშირდა ერთკაციანი აქციები.

12 მარტს ქალაქ ივანოვოში კაცი დააკავეს იმის გამო, რომ ხელში ეკავა ფურცელი, წარწერით: “*** *****”

BBC-ს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს ორი ადამიანი დააპატიმრეს იმისთვის, რომ პროტესტის ნიშნად ხელში ეკავათ ლევ ტოლსტოის რომანი, „ომი და მშვიდობა”.

ამ სიტყვების საჯაროდ გამოფენისთვის ადამიანი ქალაქ ეკატერინბურგშიც დააკავეს. გამოცემა „მედიაზონის” ინფორმაციით, მოქალაქე ციტირებდა ჯორჯ ორუელის რომანს „1984”: „ომი მშვიდობაა”.

სანქტ-პეტერბურგის მაღაზიებში, მხატვარი საშა სკოლიჩენკო პროდუქტების ფასების ადგილას აკრავდა ცნობებს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დაღუპულების შესახებ. სხვადასხვა ინფორმაციით, რუსული ჯარის ბლოკადას იქ უკვე ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. სკოლიჩენკო რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს შეიარაღებული ძალების შესახებ „წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის გავრცელების” ბრალდებით, მან ციხეში ორი თვე უნდა გაატაროს.

რუსი უფლებადამცველების თქმით, პოლიცია ომის მოწინააღმდეგთა დასაკავებლად მიზეზებსაც „პოულობს”. 11 აპრილს, პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელიც აკრიტიკებს კრემლის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უკრაინაში, ოფიციალური ვერსიით იმიტომ დააკავეს, რომ „პოლიციის დანახვისას, ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა”.

ასეულობით ადამიანი დაჯარიმებულია სოციალურ ქსელებში დაწერილი ანტისაომარი პოსტებისთვისაც. ადამიანებს აკავებენ არა მხოლოდ საჯაროდ აზრების დაფიქსირებისთვის, არამედ კერძო სატელეფონო საუბრების გამოც.

მაგალითად, მარტის დასაწყისში რუსეთის შსს-ს ყოფილმა კაპიტანმა, სერგეი კლოკოვმა ომი სატელეფონი საუბარში დაგმო, 17 მარტს ის დაიჭირეს და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

პარალელურად, კრემლი აახლებს ე.წ. უცხოეთის აგენტების სიას. მასში ხვდებიან ისინი, ვინც აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას. უკანასკნელ „განახლებაში“ მოჰყვნენ პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი და ბლოგერი იური დუდი, რომელსაც იუტუბზე ათეულობით მილიონი გამომწერი ჰყავს.

გამკაცრდება ცენზურა?

ამ ფონზე, რუსეთში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ომს სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს. 15 აპრილს, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა, ВЦИОМ-მა დაწერა, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უკვე მოსახლეობის 80% ემხრობაო.

მათივე ინფორმაციით, ომის პირველ დღეებში, პუტინის გადაწყვეტილებას მხოლოდ 68% იწონებდა.

მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხარს უჭერს ომს, დამოუკიდებელი კვლევითი პროექტის Do Russians Want War-ის თანახმადაც.

თუმცა რუსი ოპოზიციონერები ეჭვის თვალით უყურებენ გამოკითხვის შედეგებს.

ერთი იმიტომ, რომ კრემლის ხელში მედიასთან ერთად, სოციოლოგიაც პროპაგანდის იარაღია. მისი მთავარი მიზანია, „შეუქმნას რუსეთის მოქალაქეებს განცდა, თითქოს ისინი მარტოები არიან და მათ აზრს არავინ იზიარებს”, - ამბობს პოლიტიკური ბლოგერი მაქსიმ კაცი.

მეორე მიზეზი კი, მისი თქმით, ისაა, რომ რეპრესიების ფონზე, ადამიანებს უბრალოდ ეშინიათ საკუთარი აზრის დაფიქსირების.

24 თებერვლის შემდეგ, კრემლმა აუკრძალა მედიას, უწოდოს უკრაინაში მიმდინარე ომს ომი. დაიბლოკა BBC-ს, Deutsche Welle-ს, რადიო თავისუფლების, ოპოზიციური გამოცემა „მედუზას“ საიტები. ზოგიერთმა კრიტიკულმა გამოცემამ, მაგალითად, „ნოვაია გაზეტამ“, შეწყვიტა მუშაობა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულებამდე.

რუსეთის მოქალაქეებს ასევე დაებლოკათ წვდომა ფეისბუკზე, ტვიტერსა და ინსტაგრამზე.

რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია აღარ მალავს, რომ უნდა კონტროლდებოდეს ნებისმიერი ინფორმაცია ომის შესახებ და საჭიროა კიდევ უფრო მკაცრი ცენზურა.

კრემლის მთავარი რუპორის “Russia Today”-ს დირექტორმა, მარგარიტა სიმონიანმა 14 აპრილს საჯაროდ განაცხადა, რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაზე მეტად სწორედ ცენზურის არქონის დროს გაუჭირდაო.

„არ შეუძლია დიდ სახელმწიფოს იარსებოს ინფორმაციაზე კონტროლის გარეშე და მათ, ვინც გვაიძულა, კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, რომ ცენზურა დაუშვებელია, ეს მშვენივრად ესმით…” - თქვა მან.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG