Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაისიდან მეტროსა და ავტობუსში გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით იქნება შესაძლებელი


თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა მაისიდან ნებისმიერი ბანკის ბარათით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მერმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა და ცვლილებები თბილისის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

ახალი წესის ამოქმედების შემდეგ ნებისმიერ ბანკს შეეძლება საკუთარ კლიენტს შესთავაზოს:

  • საკუთარი ბარათით ერთჯერადი გადახდის სისტემა - 90 წუთის განმავლობაში ე.წ. უფასო გადაჯდომა;
  • მერიის მიერ შემუშავებული აბონემენტების საკუთარ ბარათზე გააქტიურება.

მხოლოდ პენსიონერებისთვის იცვლება შეღავათიანი ბარათების სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერების მომსახურე ბანკი (ამ შემთხვევაში "ლიბერთი ბანკი") გადაწყვეტს, რომ მათ შეღავათიანი სერვისი შესთავაზოს, ამაში მას "საქართველოს ბანკი" არ შეზღუდავს.

როგორც რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში განუმარტეს, ეს წესი არ გავრცელდება სხვა სოციალურ ჯგუფებზე - მათ შორის, მასწავლებლებზე, მოსწავლეებზე და ა.შ. მათ აუცილებლად დასჭირდებათ "საქართველოს ბანკის" ან სახელმწიფო უწყების დამზადებული ბარათები.

თბილისში განახლებული სატრანსპორტო სისტემა და ტარიფები 1 თებერვლიდან ამოქმედდა. ამ დრომდე ერთჯერადი გადახდა შესაძლებელია მხოლოდ "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "მეტრომანის" ბარათებით. დღევანდელი მოცემულობით, სააბონემენტო სისტემის გასააქტიურებლად აუცილებელია დამატებითი ბარათის ყიდვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG