Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინს ხვდება


ფოტო არქივიდან. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ).
ფოტო არქივიდან. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ).

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ხვდება. სააგენტო "ტასი" შეხვედრისას ფაშინიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, „სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, რაც მოიცავს ორი ქვეყნის საქმიანობის ყველა მნიშვნელოვან სფეროს“.

ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებით, „ამ ვიზიტს არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს“, ემთხვევა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს და „აჩვენებს, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა. ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტში, ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. გვაქვს სატელეფონო საუბრები, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან მდიდარია, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურული, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოებას.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტის პირად როლს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში დღეს, 19 აპრილს, ჩავიდა.

ხვალ, ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრემიერ-მინისტრს, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელებს შეხვდება. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანახმად, მოსკოვში სომხურ თემთან შეხვედრები არ იგეგმება.

სომხეთის მთავრობის 18 აპრილის განცხადების მიხედვით, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ფაშინიანი და პუტინი განიხილავენ სომხურ-რუსული სტრატეგიული და სამოკავშირეო ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხებს, ასევე შეეხებიან სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმებების განხორციელების პერსპექტივებს.

ფაშინიანი და პუტინი პირველად ხვდებიან ერთმანეთს, 6 აპრილს ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

XS
SM
MD
LG