Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველკლასელთა რეგისტრაციის შეცვლილი ვადები - რა უნდა იცოდე, თუ შენი შვილი სკოლაში შედის


საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა. სიახლე არის ის, რომ 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით ჩარიცხავენ ბავშვებს, რომლებიც 6 წლის გახდებიან 16 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე.

წელს ასეთი 2500-მდე ბავშვი წავა პირველ კლასში.

აქამდე როგორ იყო?

დღემდე საქართველოში მოქმედებდა კანონი, რომლის თანახმად, სკოლაში იღებდნენ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებოდათ 6 წელი და ეს წესი ავტომატურად გამორიცხავდა იმ ბავშვების სკოლაში შეყვანას, რომლებიც სწავლის დაწყების თუნდაც მეორე დღეს ხდებოდნენ 6 წლისები - შესაბამისად, ერთ წელს კარგავდნენ.

აუცილებელი დოკუმენტების წარსადგენად არსებობს სამი ვადა და სამი ეტაპი.

ეტაპი #1

2022 წლის 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით პერიოდში სკოლებში დამატებით რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცემათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში სკოლებში ვერ დარეგისტრირდნენ.

რა უნდა ქნან ასეთი ბავშვების მშობლებმა?

მათ სასურველ საჯარო სკოლას განცხადებით უნდა მიმართონ.

სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

იმის დასადასტურებლად, რომ ბავშვს ნამდვილად აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება (და ამ მიზეზით, მაგალითად, სჭირდება სპეცმასწავლებელი), მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს.

შემდეგ მის განცხადებას მულტიდისციპლინური გუნდი აფასებს და ადგენს, აქვს თუ არა ბავშვს ნამდვილად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. სწორედ ამ დასკვნის მიხედვით ჩაირიცხება მოსწავლე კონკრეტულ სკოლაში.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვების მშობლები სკოლებში დოკუმენტების წარდგენას 2022 წლის 29 აპრილიდან 2022 წლის 6 მაისის ჩათვლით შეძლებენ.

რა ხდება, თუ ეს საჭიროება არ დადასტურდა?

ასეთ შემთხვევაში, მშობლებს საშუალება ექნებათ, ბავშვები რეგისტრაციის მომდევნო ეტაპებზე დაარეგისტრირონ.

ეტაპი #2

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია იწყება 10 მაისიდან და გრძელდება 20 მაისის ჩათვლით. ამ პერიოდში სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

  • და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;
  • მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. ბავშვს სკოლაში თავად საჯარო სკოლა არეგისტრირებს. მშობლებმა საჭირო დოკუმენტები განსაზღვრულ ვადებში უნდა მიიტანონ სკოლაში.

ეტაპი #3 - ყველაზე რთული ანუ ვინც მოასწრებს, მოასწრებს

ეს არის ყველაზე რთული, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპი, რომლის დროსაც მშობლებს პირველკლასელების დარეგისტრირებისას ყველაზე მეტი სირთულე ხვდებათ და ხშირად ისინი ვერც ახერხებენ ბავშვის სასურველ სკოლაში დარეგისტრირებას.

ეს ეტაპი იწყება 2022 წლის 24 მაისიდან და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მესამე ეტაპზე რეგისტრაცია შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.

რეგისტრაცია დილის ცხრა საათზე იწყება.

ამ ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 2022 წლის 16 ივნისს და გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით. თუ მშობელი (ან კანონიერი წარმომადგენელი) დადგენილ ვადებში დოკუმენტაციას ვერ წარადგენს, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რატომ არის ეს ეტაპი ყველაზე რთული?

იმიტომ, ამბობენ განათლების სამინისტროში, რომ საჯარო სკოლებში მისაღებად საქართველოში მოქმედებს თავისუფალი კონკურენციის წესი - მშობლებს არა აქვთ შეზღუდული არჩევანი მათი საცხოვრებლის მიხედვით და თავიანთ შვილს არეგისტრირებენ იმ სკოლაში, რომელშიც სურთ.

როგორც თბილისის უბნებში, ასევე საქართველოს დიდ ქალაქებშიც, არის სკოლები, სადაც უფრო მეტი მოთხოვნაა. მაგალითად, ყოველთვის დასწრებაზეა პირველკლასელთა რეგისტრაცია თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ბავშვების დარეგისტრირება სურთ არა მხოლოდ ქალაქის ცენტრში, არამედ გარეუბნებში მცხოვრებ ოჯახებსაც. ასეთ დროს მოთხოვნა გაზრდილია და რეგისტრირდება ის, ვინც მოასწრებს.

რას აკეთებ, თუ გინდა, რომ შენი შვილი სასურველ სკოლაში მოხვდეს?

ხანდახან ამ პროცესს ერთი ადამიანი არ ჰყოფნის - ხშირად მთელი სამეგობროა ხოლმე მობილიზებული და ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერიდან ცდილობენ ერთი ბავშვის დარეგისტრირებას რეგისტრაციის გახსნის პირველივე წამებიდანვე. მზადყოფნაში ისიც იგულისხმება, რომ წინასწარ უნდა გქონდეს „დაკოპირებული“ ყველა საჭირო მონაცემი.

ეტაპი #4

ეს ეტაპი 2022 წლის 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით გრძელდება. ამ პერიოდში გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე შეეძლებათ დარეგისტრირება იმ მოსწავლეებს, რომლებიც ან ვერ დარეგისტრირდნენ პირველ სამ ეტაპზე, ან უბრალოდ რეგისტრაციის შეცვლა სურთ.

აქაც საჭიროა საჯარო სკოლაში აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

რა დოკუმენტები სჭირდება პირველკლასელს ჩასარიცხად?

ამისათვის საჭიროა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით პირველკლასელებისთვის სკოლებში ადგილები ბევრად მეტია, ვიდრე თავად პირველკლასელთა რაოდენობა.

2021 წელს პირველ კლასში, საჯარო და კერძო სკოლებში, სულ დარეგისტრირდა 56 672 მოსწავლე.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG