Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არახამია: შთაბეჭდილება დამრჩა,  [საქართველოდან] დელეგაცია ბუჩის ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩამოვიდა


დავით არახამია მონაწილეობს მოლაპარაკებაში რუსეთის დელეგაციასთან
დავით არახამია მონაწილეობს მოლაპარაკებაში რუსეთის დელეგაციასთან

უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავიდ არახამიამ „მთავარი არხის" ეთერში შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი.

„[საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრას] არ დავსწრებივარ, სპეციალურად არ წავედი, რადგან ასეთი განცხადებების შემდეგ საერთოდ ვერ ვხედავდი ამ ადამიანების ნახვის ვერანაირ აზრს.

ოპოზიციურ პარტიასთან შესახვედრად წავედი, რადგან მესმოდა, რომ მათი პოზიცია განსხვავებულია. იქამდე ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფასებას ვნახულობდი, ვინ რა განცხადებებს აკეთებს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ [საქართველოს] სამთავრობო დელეგაცია იმიტომ ჩამოვიდა, რომ ბუჩის ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთი-ორი ნუგეშის სიტყვა ეთქვა და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად არიან ჩართულები ამ პროცესებში...

და იმისთვის, რომ რეალურად იყო ჩართული, უნდა დაიცვა ის სანქციები, რომელსაც მთელი მსოფლიო ადებს რუსეთს. მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ გავუხსნათ რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშები ბანკში და დღეს საქართველოში ბანკები დიდი სიამოვნებით უხსნიან ანგარიშებს, რუსი ბიზნესმენები კი თავს არიდებენ სანქციებს ქართული კომპანიების მეშვეობით. ხსნიან და არეგისტრირებენ კომპანიებს საქართველოში", - ამბობს დავით არახამია [„მთავარი არხის" თარგმანი].

საქართველოს პარლამენტიდან დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა და ის შეხვდა უმაღლესი რადის სპიკერს, რუსლან სტეფანჩუკს.

ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; ვიცე-სპიკერი, უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე („ქართული ოცნება"); ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო („ქართული ოცნება"); დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება"); ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი („მოქალაქეები"); ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე; პარლამენტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი („გირჩი"); პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი („ლელო"); პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი (პარტია „საქართველოსთვის").

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დელეგაციის შემადგენლობაში ყოფნაზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და ამავე პარტიის დეპუტატები ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია 21 აპრილს შეხვდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი, უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG