იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2003 წლის შემდეგ პირველად უწოდა კურილის კუნძულებს იაპონიის კუთვნილი უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ სააგენტო „კიოდო ცუსინი“ და ტელეარხი NHK იტყობინებიან.
ასეთ ფორმულირებას შეიცავს „დიპლომატიის ლურჯი წიგნის“ ახალი გამოცემა - სამთავრობო ცნობარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მას ყოველწლიურად აქვეყნებს 1957 წლიდან მოყოლებული.
ცნობარის განახლებულ ვერსიაში, რომელიც 22 აპრილს წარმოადგინეს, ასევე შედის ფორმულირება იმის შესახებ, რომ კუნძულები „იაპონიის განუყოფელი ნაწილია“. ასეთი ფორმულირება დოკუმენტში არ ყოფილა 2011 წლიდან, აღნიშნავს სააგენტო.
გარდა ამისა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და მას უწოდა „ძალადობა, რომელიც ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აზიაშიც“ და განაცხადა, რომ ამ ფონზე რთულია ლაპარაკი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის თაობაზე მოლაპარაკებების პერსპექტივაზე.
იაპონია სამხრეთ კურილის ჯაჭვის ოთხ კუნძულზე (იტურუპი, შიკოტანი, კუნაშირი და ჰაბომაი) პრეტენზიას აცხადებს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მოყოლებული, როცა ისინი საბჭოთა კავშირის მიერ იქნა ანექსირებული და იქიდან იაპონელები გაასახლეს. 1956 წელს მოსკოვმა და ტოკიომ ხელი მოაწერეს საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ დეკლარაციას, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმებისთვის დღემდე არ მოუწერიათ ხელი.
2003 წლამდე იაპონიის დიპლომატია კუნძულებს ოფიციალურად უწოდებდა „უკანონოდ ოკუპირებულს“, 2012 წლამდე კი - „ძირძველ მიწებს“. 2012 წლიდან მთავრობა ერიდებოდა ასეთ ფორმულირებებს, ვინაიდან რუსეთთან კომპრომისის მიღწევის იმედი ჰქონდა.
მარტის დამდეგს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოსიმასა ჰაიასიმ პარლამენტში გამოსვლისას ამ ტერიტორიებს „იაპონიის ძირძველი ტერიტორიები“ უწოდა. მოგვიანებით, ცალკე პრესკონფერენციაზე, მან განაცხადა, რომ კუნძულები „უკანონოდ არის ოკუპირებული“. ამის შემდეგ მოსკოვმა ფაქტობრივად შეწყვიტა სამშვიდობო მოლაპარაკებები.
დაწერეთ კომენტარი