ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარში უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი განიხილა.
შარლ მიშელმა პუტინს მოუწოდა, აღდგომის წინ გახსნას მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი და უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ გამოსვლის პირობები.
შარლ მიშელი რამდენიმე დღის წინ კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„მტკიცედ მოვუწოდე, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო გადასასვლელი მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან, მით უმეტეს მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით“, - დაწერა მიშელმა ტვიტერზე.
ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე გამაგრებულ უკრაინელ სამხედროებს კვლავ მოუწოდა დანებებისკენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, კომბინატის ტერიტორიაზე დაახლოებით ათასი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.
„რუსეთი მზადაა, ნებისმიერ დროს შემოიღოს „დუმილის რეჟიმი“ და გამოაცხადოს ჰუმანიტარული პაუზა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის (თუ ისინი რეალურად განლაგებული არიან ქარხნის მიწისქვეშა ობიექტებში), ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც გამოთქვამენ იარაღის დაყრის სურვილს“, - ციტირებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ მიზინცევს კრემლის მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო „ტასი“.
დღეს, 22 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები წინააღმდეგობას განაგრძობენ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში.
21 აპრილს ვლადიმირ პუტინმა "აზოვსტალზე" შტურმის ბრძანება გააუქმა. მან მიზანშეუწონელი უწოდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამრეწველო ზონაზე, „აზოვსტალზე“ მოსალოდნელ შტურმს და მისი გაუქმება უბრძანა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. "არის!" - უპასუხა შოიგუმ მისი და პუტინის შეხვედრის ამსახველ ვიდეოში, რომელიც კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებებით 21 აპრილს გავრცელდა.
პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი. მისი თქმით, პუტინმა „მზრუნველობა გამოიჩინა“ რუსი სამხედროების მიმართ, რათა იქვე არ დახოცილიყვნენ. იგი ფიქრობს, რომ ეს მიანიშნებს შემდეგს - მათ ან ფიზიკურად არ შესწევთ „აზოვსტალის“ აღების ძალა და „ისინი ამას მიხვდნენ“, ან, მისი განმარტებით, შტურმზე უარი ძალების გადაჯგუფებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.
მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლკ "აზოვის" მებრძოლები და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა. ქარხნის მიწისქვეშა საცავებს თავს აფარებს მარიუპოლის ასეულობით მცხოვრები, მათ შორის ქალები და ბავშვები.
რუსულ არმიას მარტის დასაწყისიდან ბლოკადაში ჰყავს დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, პრაქტიკულად, მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.