Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი არჩევნები, რომლებიც ევროპის მომავალს განსაზღვრავს


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში ნერვიულად ელიან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელშიც, 24 აპრილს, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი პოპულისტი მეტოქე, მარინ ლე პენი.

უმეტესობა იმედოვნებს და ელის, რომ კვირას მაკრონი მორიგჯერ წარმოთქვამს გამარჯვების სიტყვას ეიფელის კოშკის წინ. ევროპის ლიდერებს კარგად ესმით, რომ ლე პენის მოულოდნელი გამარჯვება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკურ ბალანსს. ამჟამინდელი პრეზიდენტის მცირე უპირატესობით გამარჯვებამაც შეიძლება შეცვალოს ევროპის პასუხები კონტინენტსა და მის მიღმა მომხდარ კრიზისებზე.

მართალია, ძირითადი ყურადღება პარიზისკენ იქნება მიმართული, მაგრამ არც ლიუბლიანის უგულებელყოფა იქნება მართებული. საფრანგეთის პარალელურად არჩევნები სლოვენიაშიც ტარდება, სადაც გადაწყდება, მიეცემა თუ არა მართვის სადავეები პოპულისტ პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშას კიდევ ერთი ვადით.

ეს ორი არჩევნები, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს ერთ-ერთ უდიდეს და ერთ-ერთ უმცირეს წევრ ქვეყნებში ტარდება, მიანიშნებს, თუ საით მიემართება ევროპა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.

არაფერი მიანიშნებს, რომ ლე პენი მოახერხებს საფრანგეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს. რამდენიმე კვირის წინ, არჩევნების პირველი ტურის დროს კვლევები აჩვენებდა, რომ მაკრონი მას დაამარცხებდა უმცირესი უპირატესობით - 52%-48%. უფრო ახალი გამოკითხვების მიხედვით კი, მაკრონი 56%-მდე დაწინაურდა. მართალია, ეს ძალიან ჩამორჩება 5 წლის წინანდელ შედეგს, 66%-ს, მაგრამ მაინც საკმარისი უპირატესობაა იმისათვის, რომ მოულოდნელ მარცხს არ ელოდეს.

კვირის დასაწყისში ჩატარებულ დებატებში დამაჯერებელი გამარჯვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა, თუმცა თავიც არცერთს მოუჭრია. მაკრონი პრეზიდენტის შესაფერისად გამოიყურებოდა, ლე პენიც უკეთ მომზადებული მივიდა და მისი შეთავაზებებიც ამჯერად გაცილებით ნაკლებად რადიკალური იყო. ის აღარ ლაპარაკობს ევროკავშირისა და ევროზონის დატოვებაზე და რუსეთის წინააღმდეგ გარკვეულ სანქციებსაც კი უჭერს მხარს.

მიუხედავად ამისა, ლე პენის პრეზიდენტობა ბრიუსელში მაინც სერიოზულ არეულობას შეიტანდა. ის საფრანგეთს ნატოს სარდლობიდან გამოიყვანდა, უარს იტყოდა ახალ სანქციებზე რუსეთის ენერგეტიკის წინააღმდეგ, გააძლიერებდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს არა მხოლოდ ბუდაპეშტის პირდაპირი მხარდაჭერით, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობის უზენაესობის, შენგენის უვიზო ზონის ან ევროპის შიდა ბაზარზე თავისუფალი ბაზრის ეჭვქვეშ დაყენებით. მისი გამარჯვება ევროკავშირს თავდაყირა დააყენებდა.

ლე პენის პოპულარობის გასაგებად პირველ რიგში იმ საკითხს უნდა შევეხოთ, რაც მისი საარჩევნო კამპანიის ქვაკუთხედი იყო და რომელიც ევროპის პოლიტიკურ დისკურსს განსაზღვრავს უახლოეს მომავალში - ფასების ზრდას. ამომრჩეველს ახლა პირველ რიგში სწორედ ინფლაცია აღელვებს და პოლიტიკოსები ამას ვერ უგულებელყოფენ. ცხადია, რომ ამას პირდაპირი კავშირი აქვს უკრაინაში მიმდინარე ომთანაც და ეს ალბათ გავლენას იქონიებს დასავლეთის რეაქციებზე რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, მოხვდებიან თუ არა ლე პენის მსგავსი პოპულისტები ძალაუფლებაში, ისინი მაინც იქონიებენ გავლენას ამასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დისკურსზე. ბევრი, მათ შორის მაკრონი, მიილტვის, რომ მოსკოვს კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს და სანქციები დაადოს ნავთობისა და გაზის ექსპორტს. მაგრამ, მათ შეიძლება საკუთარი ელექტორატი დაუპირისპირდეს, თუ ამომრჩევლის გადასახადი იმატებს და იმატებს. თუ ევროკავშირი ბოლოს და ბოლოს მიიღებს სანქციებს ნავთობსა და გაზზე, ყურადღება უნდა მივაქციოთ დეტალებს - რამდენად იქნება დაშვებული გამონაკლისები და როგორი იქნება ვადები.

ეს სხვა საკითხებსაც შეეხება. თუ მაკრონი გამარჯვებას მხოლოდ მცირე უპირატესობით მოახერხებს, მისი მეორე ვადა გაცილებით ფრთხილი იქნება. ზაფხულში საპარლამენტო არჩევნები მოდის და მას უკვე მოუწია ნაწილობრივ უკან დაეხია თავისი დაპირებებისგან - გაზარდოს საპენსიო ასაკი და განახორციელოს საპენსიო რეფორმა. მას არჩევნებში მონაწილეობა აღარ მოუწევს, მაგრამ მოსახლეობის ზოგადი უკმაყოფილების მაინც შეეშინდება. ამან კი შეიძლება შეაფერხოს ბრიუსელის მცდელობა, დანერგოს უფრო ამბიციური მწვანე პროექტები და ხელი შეუშალოს გაფართოების პროცესს დასავლეთ ბალკანეთისა და უკრაინის მიმართულებით.

ინფლაციაა სლოვენიის საარჩევნო კამპანიის დომინანტური ასპექტიც, მაგრამ აქ ასევე დგას საკითხი, თუ რა პოზიციას დაიკავებს ეს ქვეყანა ევროკავშირის სხვა წევრების მიმართ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან. ამჟამად, გამოკითხვების თანახმად, იანშას მემარჯვენე-ცენტრისტულ SDS-სა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ „თავისუფლების მოძრაობას“, რომელსაც სათავეში რობერტ გოლობი უდგას, გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ. საბოლოოდ გამარჯვებულის ვინაობა ალბათ სხვა პარტიებზე იქნება დამოკიდებული - იმაზე, თუ ვინ გადალახავს 4%-იან ბარიერს და რა კოალიციების შესაძლებლობები შეიქმნება.

იანშამ წარსულში ახლო ურთიერთობები დაამყარა პოლონეთისა და უნგრეთის პოპულისტ მთავრობებთან. თავადაც ავტორიტარულ ტენდენციებს ამჟღავნებს, განსაკუთრებით მედიასთან მიმართებით. არავის გაჰკვირვებია, როდესაც „ფრიდომ ჰაუსმა“ განაცხადა, რომ 2021 წელს დემოკრატიის სტანდარტებმა ყველაზე მეტად იკლო სწორედ სლოვენიაში - აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით.

თუმცა, უკრაინასთან მიმართებით იანშა უფრო ვარშავაა, ვიდრე ბუდაპეშტი. ის მკაცრი სანქციების მომხრეა, მხარს უჭერს კიევის ევროკავშირის წევრობის განაცხადს და ერთ-ერთი პირველი ევროკავშირის ლიდერი იყო, რომელიც უკრაინას ესტუმრა ომის დაწყების შემდეგ - პოლონელ და ჩეხ კოლეგებთან ერთად. სლოვენიის ოპოზიციის გამარჯვება ამ ვექტორს დიდად არ შეცვლის, თუმცა ლიუბლიანა ნაკლებხმაურიანი იქნება და ევროპის სხვა ქვეყნების ნაკვალევს გაჰყვება. აი, კანონის უზენაესობის კუთხით კი, ამ შემთხვევაში ბუდაპეშტი ბრიუსელში უფრო იზოლირებული დარჩება.

ამჟამად ყურადღების ცენტრში უკრაინის ომის ამბებია, თუმცა ევროპული პოლიტიკის მომავალ გეზს დიდწილად ამ ორი ქვეყნის ამომრჩევლები განსაზღვრავენ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG