Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილთან პარტნიორობას აპირებს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ფეისბუკ“-LIVE-ში უპასუხა მოქალაქეების შეკითხვებს. ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობას. როგორც მელიამ განაცხადა, ბოლოს ორი კვირის წინ შეხვდა კეზერაშვილს და აპირებს მასთან თანამშრომლობას ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ.

ნიკა მელიამ გაიხსენა კეზერაშვილთან პირველი შეხვედრაც, რომელიც ციხიდან მისი გათავისუფლების შემდეგ შედგა.

„დათო კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემი საჯარო პოზიცია მოუსმენია ბევრს, ეს იყო 2017 წელი. მაშინ, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა მქონდა, მას მე არ ვიცნობდი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ (შარშან 10 მაისს ხომ გამათავისუფლეს ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს შედეგად), გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე. კიევიდან მაშინ სხვა ქვეყანაში გავემგზავრე, სადაც დათო კეზერაშვილი პირადად ვნახე და გავიცანი. შედგა ჩვენს შორის საუბარი. ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც მე მაწუხებდა, მივიღე ჩემთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი, რამაც ნამდვილად გამახარა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ჩემი პოზიცია იყო დაფიქსირებული საჯაროდ. ამ ადამიანმა ისედაც, ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც ამ ქვეყნის დემოკრატიულ წეს-წყობილებას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მომავალში, ვიდრე ახლა უწყობს - დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ფორმულა“ ჩამოაყალიბა.

ცხადი იყო, რომ ჩემი სხვადასხვა დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ აწმყოში იყო სხვაგვარი და მცდარი, მაგრამ ამის მიღმა წარსულში ქექვას არ ვაპირებ. მქონდა ის პოზიცია, რომელიც მქონდა, მაგრამ ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, ჩემთვის არის მისაღები“, - თქვა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გეგმავს კეზერაშვილთან თანამშრომლობას.

„კი ბატონო, ორი კვირის წინათაც ვიყავი [კეზერაშვილთან შეხვედრაზე], სამჯერ შევხვდი სულ და არ დაგიმალავთ, დიახაც, ვაპირებ პარტნიორობას მასთან. ვაპირებ მე პირადად პარტნიორობას, სანამ ეს სისაძაგლე „ქართული ოცნების“ სახით არ დასრულდება.

აბა, მას ჰკითხეთ, ჩემ მიერ საჯაროთ დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ, რამდენად მოხარული იყო ჩემთვის ხელის ჩამორთმევით. მერწმუნეთ, ეს მისთვის ადვილი არ ყოფილა. ნამდვილად ვაფასებ, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ამიტომაც“, - თქვა მან.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას არ ჰყოფნის მხოლოდ გულანთებულობა და გულზე მჯიღის ცემა.

მელია ამბობს, რომ არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას და ხელს არ შეუწყობს „ქართული ოცნების“ ოცნების ახდენას.

----------------------------------------

ნიკა მელიამ 2017 წელს „TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილმა ყაჩაღობით იშოვა მილიონები.

„არ მაქვს მორალური უფლება, ვაკრიტიკო ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ მილიონებს შოულობს, რადგან ასევე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ წლების წინ იყო დავით კეზერაშვილი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად - ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა მილიონები, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.

დავით კეზერაშვილი და კიდევ სხვა ადამიანები იყვნენ სირცხვილნი „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დავით კეზერაშვილისნაირ ადამიანებზე. საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით იშოვა მილიონები? - ის როცა ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, ძარცვავდა ხალხს ისევე, როგორც ფარცხალაძე ძარცვავს დღეს მთელ საქართველოს“, - თქვა 2017 წელს ნიკა მელიამ.

Panama Papers-ის სახელით გავრცელებულ დოკუმენტებში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებდა.

Tribune De Geneve-ს თანახმად, 10 დღეში მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა თანამდებობა 2008 წლის დეკემბერში დატოვა, მისმა რწმუნებულებმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია დაარეგისტრირეს, რომელთაგან ერთ-ერთის ანგარიშზე ნავთობის ბიზნესიდან მიღებული მილიონობით დოლარი ირიცხებოდა.

2012 წლის შემდეგ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე საქმეზე დაიწყო დევნა, მათ შორის, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული და მასთან დაკავშირებულ კომპანია Girwood Business Corp-ს საქმე, რომელშიც პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი 5 685 000 ევროს გაფლანგვას ედავებოდა.

2017 წელს სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას შალვა თადუმაძე იკავებდა.

2019 წლის სექტემბერში დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრე გახდა.

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა.

კეზერაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ სამი წევრის შემადგენლობით. ესენი იყვნენ: შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და მერაბ გაბინაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG