Accessibility links

დავით კეზერაშვილი ტელეარხ „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრე გახდა


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრე გახდა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, დანარჩენ 49%-ს თანაბრად ინაწილებენ მიშა მშვილდაძე - 12.25%; ირაკლი საღინაძე - 12.25%; გიორგი ლიფონავა - 12.25%; ზუკა გუმბარიძე - 12.25%. 3 სექტემბრამდე მათ საკუთრებაში იყო მთლიანი წილი.

დირექტორის პოზიციაზე რჩება ზუკა გუმბარიძე. 13 აგვისტოს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან გამორიცხა, რომ „ფორმულა" ნებისმიერი ფორმით რომელიმე პარტიის ტელევიზიის როლს შეასრულებს.

„ამ ტელეარხს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში არც „ფორმულა კრეატივი“, არც ჩვენ უკან მდგომი ადამიანები და არც საინფორმაციო ჯგუფის წარმომადგენლები არ იმუშავებენ ისეთ არხზე, რომლის სარედაქციო პოლიტიკა, ვიღაცის კარნახს დაექვემდებარება. ჩვენ დავით კეზერაშვილისგანაც მივიღეთ გარანტიები. ის სარედაქციო პოლიტიკაში არანაირი ფორმით ჩარევას არ აპირებს“, - თქვა ზუკა გუმბარიძემ.

კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია 29 აგვისტოს მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. „ფორმულა“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობის დაწყებას 1 ოქტომბერს გეგმავს.

1 აგვისტოს დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ახალ ტელევიზიას ქმნის.

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“ - ამ წინადადებით გამოეხმაურა კეზერაშვილი გავრცელებულ ცნობებს, რომ მის წინააღმდეგ ისრაელში გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების საქმეზე.

Panama Papers-ის სახელით გავრცელებულ დოკუმენტებში კი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებდა.

Tribune De Geneve-ს თანახმად, 10 დღეში მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა 2008 წლის დეკემბერს თანამდებობა დატოვა, მისმა რწმუნებულებმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთის ანგარიშზე ნავთობის ბიზნესიდან მიღებული მილიონობით დოლარი ირიცხებოდა.

2012 წლის შემდეგ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე საქმეზე დაიწყო დევნა, თუმცა ის დღეისთვის არც ერთ მათგანზე არ არის მსჯავრდებული. კეზერაშვილი სასამართლომ მათ შორის ისეთ საქმეებზე გაამართლა, როგორიცაა, „ტელეიმედის“ გასხვისება, აგრეთვე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული და მასთან დაკავშირებულ კომპანია Girwood Business Corp-ს საქმე, რომელშიც პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი 5 685 000 ევროს გაფლანგვას ედავებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG