Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაუქმდა


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი გააუქმა. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტური 28 აპრილს დანიშნა, თუმცა სამმა მოქალაქემ ცესკოს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ოკუპირებული ცხინვალის სასამართლოსთან დილიდან შეკრებილები იყვნენ ოპოზიციის მომხრეები, რომლებიც დე ფაქტო მოქმედ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს და მის მომხრეებს არჩევნების ჩაშლის მცდელობასა და სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციამ იმ პირების ვინაობაც დაადგინა, ვინც ცესკოს უჩივლა. სოციალურ ქსელში არსებულ ოპოზიციურ გვერდებზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არიან და მათ ე.წ. პასპორტები არჩევნების პირველ ტურამდე 2 დღით ადრე, 8 აპრილს მიიღეს.

რადისლავ უტაროვი, აზამატ თანდუევი და გიორგი გაგკუევი სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მათი კონსტიტუციური უფლება ირღვევა სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნის გამო, ამიტომ ცესკოს გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვდნენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კონსტიტუცია კი ინტერპრეტაციის საშუალებას მართლაც იძლევა. ე.წ. კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები ინიშნება არასამუშაო დღეს, ასევე დაუშვებელია არჩევნების სადღესასწაულო დღეებში დანიშვნა.

ცესკო მეორე ტურის თარიღად ჯერ 24 აპრილს განიხილავდა. ეს სააღდგომო, სადღესასწაულო დღეა. მომდევნო კვირა 1 მაისია, ასევე სადღესასწაულო დღე. განიხილებოდა ასევე 8 მაისიც, თუმცა აქ სხვა წინააღმდეგობა გაჩნდა, იმავე კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების მეორე ტური ინიშნება შედეგების გამოცხადებიდან 2 კვირაში.

ცესკომ შედეგები 14 აპრილს გამოაცხადა, 28 აპრილს მეორე ტური დანიშნა და დე ფაქტო პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, 28 აპრილი, ხუთშაბათი, არასამუშაო დღედ გამოეცხადებინა, ამით თითქოს ყველა სამართლებრივი კაზუსი სწორდებოდა, თუმცა ბიბილოვს ამ თხოვნაზე რეაქცია არ ჰქონია. ამიტომ დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ე.წ არჩევნების ჩაშლით სწორედ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტია დაინტერესებული. სოციალურ ქსელში ოპოზიციური გვერდები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიბილოვს ვითარება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავს.

22 აპრილის საღამოს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატების ნაწილმა, 16-მა ადამიანმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. ე.წ. დეპუტატები მოსალოდნელ ქაოსსა და დე ფაქტო რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ბიბილოვს აკისრებენ. მათი აზრით, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მან თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ოკუპირებულ ცხინვალში დაიწყო სოციალური აქცია სახელწოდებით "ბიბილოვ, უხადი" (წადი). სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ამ სახის მოწოდებები.

ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ახლა ცენტრალური საარჩევნო კომისია სასამართლოდან სრული დოკუმენტაციის მიღებას ელოდება და ამის შემდეგ ახალი თარიღის დასანიშნად ემზადება, თუმცა სამართლებრივად უკვე დარღვევა დაფიქსირდება, რადგან პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან 15 დღეში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა შეუძლებელი იქნება. ამის შემდეგ ნებისმიერ პირს მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების და მისი არალეგიტიმურად გამოცხადების უფლება ექნება. ოპოზიციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დამარცხებული ბიბილოვი ამ ნაბიჯზე წავა და ასე ეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას, რაც სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული "შემაჯამებელი ოქმის" თანახმად, პირველ ტურში ბიბილოვს ხმა მისცა 34,95%-მა, ხოლო გაგლოევს - 38,55%-მა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG