Accessibility links

site logo site logo

უკრაინაში დაღუპული არკადი კასრაძის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს


გორი: არკადი კასრაძეს გადასვენების დროს მოქალაქეებმა პატივი მიაგეს

უკრაინაში გარდაცვლილი 40 წლის არკადი კასრაძის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. მას იქვე, სოფელ ერგნეთში დაკრძალავენ.

მოქალაქეების ნაწილი გორის გასასვლელში, ცხინვალის გზატკეცილზე შეიკრიბა და მშობლიური სოფლისკენ პატივით გააცილა არკადი კასრაძის ცხედარი. გორელებს უკრაინის და საქართველოს დროშები ეჭირათ, ისინი მაგისტრალის გასწვრივ ცოცხალ ჯაჭვში ჩადგნენ და ასე მიაგეს პატივი უკრაინის ომში დაღუპულ მებრძოლს.

არკადი კასრაძე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ცხოვრობდა. ის უკრაინაში 2 მარტს წავიდა და 16 აპრილს დაიღუპა. არკადი კასრაძე 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა.

კასრაძე 16 აპრილს ქალაქ რუბეჟნოეში დაიღუპა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ რუსეთთან ბრძოლის დროს გარდაიცვალა კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.

კასრაძე დღეს, 23 აპრილს დილით ჩამოასვენეს ვარშავა-თბილისის რეისით. ბიწაძეს და ცაავას კი საქართველოში ხვალ, 24 აპრილს გამთენიისას ვარშავა-თბილისის რეისით გადმოასვენებენ.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 24 თებერვლიდან, უკრაინაში დაიღუპა 9 ქართველი მებრძოლი. ქალაქ ირპენთან დაღუპული დავით გობეჯიშვილი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საქართველოში მარტში ჩამოასვენეს. ნიკოლოზ შანავა და დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს ხარკოვის გასათავისუფლებელი ბრძოლის დროს დაიღუპნენ. მარიუპოლში დაიღუპა ბახვა ჩიქობავა. რუსების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან მისი ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG