დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია რუსის ჯარს შეადარა და თქვა, რომ "როგორც რუსეთი არ წყვეტს აღდგომის დღეებში უდანაშაულო უკრაინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ისე არ წყვეტს ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საკუთარ სახელმწიფოზე შეტევას." მისი განმარტებით ყველაფერი, რასაც ოპოზიცია მათი აზრით "ქართული ოცნების" წინააღმდეგ აკეთებს, რეალურად ქვეყნის იმიჯს ვნებს.
„ჩემი ოპოზიციონერი კოლეგა ამბობს, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლება ჩირგვებში ზის. ეუთოში, გაეროში, ევროსაბჭოში, თუ ასეთ პრინციპულ პოზიციას ჩირგვებში ჯდომას უწოდებთ, არ ვიცი, ამის იქით რა რჩება. ალბათ რჩება ის, რომ ომი უნდა დავიწყოთ და ამაში ხედავთ ხელისუფლების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას. დღეს ვინც ომში ჩართვისკენ მოუწოდებს საქართველოს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მხოლოდ მტერია ამ ქვეყნის. მიუხედავად ბევრი უსაფუძვლო ბრალდებებისა, საქართველო ევროკავშირში შესასვლელად რეალურ ნაბიჯებს დგამს, რთულია დღეს მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია, მაგრამ ამ სირთულეში საქართველო მაინც წინ მიიწევს" - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი შეფასებით, რეგიონში მიმდინარე ომისა და პოსტპანდემიური სირთულეების მიუხედავად, " ქართული ეკონომიკა ნელ-ნელა ფეხზე დგება", ოპოზიციური მედია კი ხატავს სურათს, თითქოს საქართველოში მოსახლეობა მასობრივად შიმშილობდეს.
"ჩვენ ყველა მიმართულებით ვახორციელებთ რეალურ რეფორმებს. მაგალითად, სასამართლო რეფორმა, რომელსაც კრიტიკას არ აკლებს ჩვენი ოპოზიცია და ზოგჯერ, ეს კრიტიკა საფუძვლიანია. მაგრამ, ხშირად არაობიექტური. აბა, ხალხს ჰკითხეთ, რა იყო მანამდე და როგორია დღეს სასამართლო? სიტყვის თავისუფლების რა ხარისხი იყო მაშინ და არ არის დღეს. თუმცა, ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის თქმის უფლებას. შედარებაც არ შეიძლება პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით. აღარ ვსაუბრობ ჯანდაცვაზე. ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებით სიცოცხლის უფლება მივეცით ადამიანების, სიცოცხლე დავუბრუნეთ რეგიონებს, მაღალმთიან დასახლებებს, არ არსებობს ქალაქი, სოფელი, რაიონი, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები არ ხორციელდებოდეს. მიუხედავად ქვეყანაში არსებული სერიოზული პრობლემებისა, ბევრია გაკეთებული ჩვენი მმართველობის დროს და ამას ხედავს ხალხი" - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მხრიდან განხილვის მთავარი თემა 25 აპრილს გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი იყო, რომლიც ავთენტურობაც დადგენილი არ არის. ჩანაწერი შესაძლოა მოიცავდეს ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბარს.