Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი დანიშნა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს დაინიშნა. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურის თარიღად ჯერ 28 აპრილი გამოაცხადა, თუმცა სამმა მოქალაქემ ე.წ. უმაღლეს სასამართლოს მიმართა და არჩევნების თარიღი გაუქმდა.

"სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს არის დაგეგმილი. სასამართლოდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კომისიის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით ახალი თარიღი განისაზღვრა", - განაცხადა დე ფაქტო ცესკოს ხელმძღვანელმა ემილია გაგიევამ.

ოპოზიციის კანდიდატი, ალან გაგლოევი დე ფაქტო მოქმედ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ოპოზიციამ იმ პირების ვინაობაც დაადგინა, ვინც ცესკოს უჩივლა.

სოციალურ ქსელში არსებულ ოპოზიციურ გვერდებზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არიან და მათ ე.წ. პასპორტები არჩევნების პირველ ტურამდე 2 დღით ადრე, 8 აპრილს ბიბილოვის სპეციალური განკარგულებით მიიღეს. რადისლავ უტაროვი, აზამატ თანდუევი და გიორგი გაგკუევი სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდნენ, რომ მათი კონსტიტუციური უფლება ირღვეოდა, 28 აპრილს, სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნის გამო, ამიტომ ცესკოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდნენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ე.წ არჩევნების ჩაშლით სწორედ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტია დაინტერესებული. სოციალურ ქსელში ოპოზიციური გვერდები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიბილოვს ვითარება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავს. 22 აპრილის საღამოს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატების ნაწილმა, 16-მა ადამიანმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. ე.წ. დეპუტატები მოსალოდნელ ქაოსსა და დე ფაქტო რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ბიბილოვს აკისრებენ. მათი აზრით, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მან თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის, 8 მაისს დანიშვნით, ასევე ირღვევა ადგილობრივი კანონმდებლობა, რომელიც მეორე ტურის დანიშვნას პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან 2 კვირაში ითვალისწინებს.

ოპოზიციურ სოციალურ გვერდებზე კომენტატორები წერენ, რომ მეორე ტურის შემდეგ ნებისმიერ პირს შედეგების გასაჩივრების და მისი არალეგიტიმურად გამოცხადების უფლება ექნება. ოპოზიციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დამარცხებული ბიბილოვი ამ ნაბიჯზე წავა და ასე ეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას, რაც სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული "შემაჯამებელი ოქმის" თანახმად, პირველ ტურში ბიბილოვს ხმა მისცა 34,95%-მა, ხოლო გაგლოევს - 38,55%-მა. გაგლოევს მხარს უჭერს მეორე ტურში ვერ გადასული სამივე კანდიდატი, მათ მიერ მიღებული ხმების საერთო რაოდენობა კი ჯამში 60 პროცენტს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG