Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური: სააკაშვილისთვის ამანათის შეგზავნა მის მიერ დასახელებულ პირებს შეეძლებათ


იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამანათების მიღებას შეძლებს. უწყების განცხადებაში საუბარია პატიმრის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და აღწერილია გზა, როგორ შეძლებს სააკაშვილი ამანათის მიღებას.

"ბრალდებული/მსჯავრდებული მ. სააკაშვილი, მისივე თანხმობით, ამანათის მიღებას შეძლებს, ამანათის შეგზავნაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით", - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

უწყება დამატებით განმარტავს, რომ სააკაშვილს ყველა იმ პროდუქტის ციხის მაღაზიაში ყიდვა შეუძლია, რომლის შეგზავნაც ნებადართულია პენიტენციური სამსახურის წესების მიხედვით.

საქართველოს პარლამენტის წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძე გუშინ, 26 აპრილს ამბობდა, რომ მისი პარტიის ლიდერთან ამანათების შეგზავნა პენიტენციურმა სამსახურმა აკრძალა.

"მას კვების პრობლემა აქვს, ორგანიზმი აქვს დაუძლურებული ისე, რომ ნებისმიერი სახის საკვებს ის ვერ მიიღებს... როდესაც დღეს მოვიტანეთ საკვები, არ მიიღეს. მე ჩავთვალე, რომ ტექნიკური პრობლემა იყო. შიგნით რომ შევედი, აღმოჩნდა, ადმინისტრაციის გაცხადებული პოზიცია იყო, ნათქვამი ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ მას აეკრძალა საკვების ამანათის სახით შეგზავნა იმიტომ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ასე მიიჩნიეს საჭიროდ. რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაუკეტეს ყველა გზა, რომ მან საკვები მიიღოს", - ამბობდა ის.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლაზე "კლინიკების ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ვილი პაჭკორიამ რამდენიმე დღის წინ, 21 აპრილს ისაუბრა. ის ამბობდა, რომ სააკაშვილი "გაურკვეველი ტოქსიკებით" იყო მოწამლული და მიზეზი უნდა დადგენილიყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG