Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არ ჰყოფნის რუსულ სამხედრო გეგმას უკრაინაში წარმატებისთვის - სამხედრო ექსპერტის შეფასება 


რა ხდება ხერსონის ოლქში და როდის შეიძლება უკრაინა თავდაცვიდან კონტრშეტევაზე გადავიდეს. „ნასტოიაშჩეე ვრემია“ სამხედრო ექსპერტს მიკოლა ბელესკოვს ესაუბრა.

- რა ხდება ახლა ხერსონის ოლქში საომარი მოქმედებების კუთხით? თქვენი ფიქრით, ხერსონის ოლქს ხანგრძლივი ოკუპაცია ემუქრება, როგორც ეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოხდა, თუ უკრაინელ ჯარისკაცებს შესაძლებლობა ექნებათ, ის გაათავისუფლონ?

- იმით დავიწყებ, რომ ამ ომში ხერსონის მიმართულება მეორეხარისხოვანია. მთავარი მოვლენები უკრიანის აღმოსავლეთით განვითარდება. წინა კვირაში დონბასისთვის დიდი ბრძოლა გამოცხადდა. ის, თუ როგორ გადაწყდება ბრძოლის ბედი იქ, ფრონტის მთელ ხაზზე მოახდენს გავლენას.

თუ იმაზე ვლაპარაკობთ, რაც დღეს სამხრეთით ხდება, მე უკრაინის გენშტაბის შეფასებას ვეთანხმები. მტერმა ადგილი იცვალა, გადაჯგუფდნენ. ცდილობენ ძალები მოიკრიბონ, რომ შემდეგ ნიკოლაევისა და კრივოი-როგის მიმართულებით შეუტიონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ - მუდმივად კონტრშეტევებს ვაწყობთ, თავს ვიცავთ.

მიკოლა ბელესკოვი
მიკოლა ბელესკოვი

თუ ჩვენ აღმოსავლეთით ეფექტიან თავდაცვით ოპერაციებს ჩავატარებთ, რუსეთის საბრძოლო პოტენციალს ძირს გამოვუთხრით, ამის შემდეგ კი შეგვეძლება, ისინი იმავე გზებით გავყაროთ უკან, რა გზებითაც ყირიმიდან წამოვიდნენ. თუ ხერსონს ზაპიროჟიის ოლქიდან საფრთხეს შევუქმნით, ეს მათ აიძულებთ, უკან, ყირიმში წავიდნენ.

- როგორ შეძლებს უკრაინული ჯარი ბრძოლის ამხელა ხაზის გაკონტროლებას: ერთი მხრივ, ხარკოვის ოლქი, მეორე მხრივ -აპოროჟიის?

- როგორც ვხვდები, ხარკოვიდან ხარკოვის წყალსატევამდე რეზერვები გადაისროლეს, ისინი ჩრდილოეთ უკრაინიდან გამოთავისუფლდნენ. გარდა ამისა, ჩვენ უნიკალური გამოცდილება მივიღეთ სტატიკური თავდაცვითი ოპერაციების წარმოების კუთხით, ე.წ. აქტიური თავდაცვის კუთხით. ჩვენ არტილერიას მაქსიმალურად მტრის სიღრმისკენ მივმართავთ. ამიტომაც ვთხოვთ პარტნიორებს არტილერიას და ძალიან კარგია, რომ გვაძლევენ. მოთხოვნილი ჰაუბიცების ნახევარზე მეტი, რომლებსაც ამერიკელები დაგვპირდნენ, უკვე უკრაინაშია და მალე აღმოსავლეთ უკრაინის დიდ ბრძოლებში გავიტანთ.

ჩვენ ბევრი სხვადასხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო საშუალება გვაქვს. აქტიური თავდაცვის კუთხით დიდი გამოცდილება გვაქვს. შედეგიც სახეზეა, კვირაზე მეტი ხნის წინ ითქვა, რომ აღმოსავლეთისთვის ბრძოლა იწყება, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ჯარმა ტაქტიკა შეცვალა - ახლა ისინი უფრო ავიაციასა და არტილერიაზე ამყარებენ იმედს და არა ჯავშანტექნიკაზე, უფრო მეთოდურად ცდილობენ ჩვენი თავდაცვა გატეხონ - ოპერატიული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. არის შეჭრის რამდენიმე ფაქტი, მაგრამ ის ჩვენს თავდაცვას სერიოზულად ვერ დააზიანებს. ვერ შეძლებენ, რომ ჩვენი ძალების თუნდაც ნაწილს ალყა შემოარტყან. ეს ყველაზე კარგი მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად ეფექტიანია ჩვენი თავდაცვა.

ვფიქრობ, რუსეთის მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს, ეს ტაქტიკის შეცვლაც ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს: ვერც ოპერატიულს, ვერც სტრატეგიულს.

- შესაძლებელია, რომ ეს აქტიური თავდაცვა კონტრშეტევად იქცეს?

- ეფექტიანი კონტრდარტყმისთვის ჯერ საფუძველი არის მოსამზადებელი. კონტრშეტევებს მუდმივად ვაწყობთ. ეფექტიანი აქტიური თავდაცვა, ერთი მხრივ, თავდასხმასაც გულისხმობს, როცა არის ამის საშუალება. ჩვენ მუდმივად შეტევაზე ვართ, ხან ცეცხლით, ხან ტანკებით, ხან მოტომსროლელებით, ფეხოსანი ჯარით... მაგრამ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე ათეულობით კილომეტრით უკან გადაისროლო, საჭიროა მას ძალა გამოაცალო, შეტევაზე გადმოსვლის უნარი დაუკარგო. როდესაც დრო დადგება, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა მოემზადება, ოპერაციას დაგეგმავს და ჩვენ რუსეთის ჯარს სულ მცირე იმ ტერიტორიებიდან უკუვაგდებთ, რომლებიც მათ 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიკავეს.

ჩვენი პარტნიორების რიტორიკა პოზიტიურისკენ იცვლება. ბრიტანელები და ამერიკელები ამბობენ: „სანამდეც გექნებათ ბრძოლის სურვილი, იქამდე გამოგყვებით“. საკითხი ასე დგას - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ის 2014 წლამდე იყო.

- როდის შეიძლება ეს კონტრშეტევა განხორციელდეს? ალექსეი არესტოვიჩი დარწმუნებულია, ზაფხულში იქნებაო.

- ალბათ, ჰო, სადღაც გაზაფხულის მიწურულზე ან ზაფხულის დამდეგს. ამ დროისთვის რუსული ჯარი შეტევის, ბრძოლის უნარს დაკარგავს, ჩვენ კი, პირიქით, ძალებს შევინარჩუნებთ, მარაგს შევივსებთ, ჯარისკაცებს გავწვრთნით და ყველანი მზად ვიქნებით იმისთვის, რომ სულ მცირე ის ტერიტორია მაინც დავიბრუნოთ, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლამდე გვქონდა.

XS
SM
MD
LG