კიევის რეგიონში, სოფელ ოსტროლუჩიეში, პოლიციამ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცებთან ერთად, იპოვა 21 წლის რუსი მეტყვიამფრქვევე ჯარისკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, რეგიონის ტერიტორიიდან რუსეთის არმიის გაყვანის შემდეგ დაიკარგა და გზა დაებნა.
"თათრეთის 21 წლის მკვიდრმა, მექანიზებული ბრიგადის მეტყვიამფრქვევემ აღიარა, რომ თავიდან დაიკარგა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ "მსოფლიოს მეორე უძლიერესმა არმიამ" ის უბრალოდ მიატოვა", - აცხადებენ უკრაინელი სამართალდამცავები.
რუსი ჯარისკაცი დააკავეს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
2 აპრილს კიევის რეგიონი სრულად გათავისუფლდა რუსეთის ჯარებისგან. რუსი სამხედროების უკან დახევის შემდეგ გათავისუფლებულ ქალაქებსა და სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების მასობრივი შემთხვევები დაფიქსირდა.
მიუხედავად არაერთი უტყუარი ფაქტისა, რუსეთი უარყოფს მისი სამხედროების მხრიდან უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას და "დადგმულს" უწოდებს საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ, ომის დანაშაულის ამსახველ ფოტო- და ვიდეომასალებს.