უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლის ალიკა ცაავასთვის პატივის მისაგებად წალენჯიხის ქალაქ ჯვარში ჩავიდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი.
სერგეი კრავჩუკის თქმით, ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად საგანგებოდ ჩამოვიდა უკრაინიდან:
"ორ თვეზე მეტია, რაც რუსეთის მხრიდან, უკრაინაში მიმდინარეობს ოკუპაციური ომი. ომის პირველივე დღიდან ქართველები მოხალისეობრივად წავიდნენ უკრაინაში, რათა დაეცვათ უკრაინის დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უკვე გვყავს ათი დაღუპული. დღეს მე თბილისში ჩამოვედი, რათა უკანასკნელ გზაზე გავაცილო ჩვენი გმირი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დათმო უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ჩვენ სულ ვგრძნობთ ჩვენი ძმების, ქართველი ხალხის მხარდაჭერას".
უკრაინაში 16 აპრილს დაღუპულ ქართველ მებრძოლს ალიკა ცაავას ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ. 40 წლის მებრძოლის ცხედარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, საკუთარ სახლშია დასვენებული, სადაც მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მებრძოლის ახლობლებსა და მეგობრებთან ერთად იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები.
ალიკა ცაავას ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. აფხაზეთის ომისას მოკლეს მებრძოლის მამა, ედემი ცაავა. მაშინ ალიკა 15 წლის იყო. აფხაზეთში დაიღუპნენ მისი ბაბუა და ბიძაც - მამა-შვილმა სოფელ აჩიგვარაში ალმოკიდებული სახლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
ალიკა ცაავა იყო კომანდოს ბატალიონის წევრი. მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, უკრაინაში იბრძოდა 2014 წელსაც.
ალიკა ცაავა და მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზაზა ბიწაძე 16 აპრილს ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან დაიღუპნენ იმ დროს, როდესაც ცდილობდნენ ცოტა ხნით ადრე დაღუპული არკადი კასრაძის ცხედრის გამოტანას. თანამებრძოლების თქმით, რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს ავტომობილი, რომელშიც ქართველი მებრძოლები ისხდნენ.
50 წლის ზაზა ბიწაძე და 40 წლის ალიკა ცაავა ვარშავა-თბილისის რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 24 აპრილს ჩამოასვენეს. 50 წლის არკადი კასრაძე კი ერთი დღით ადრე. ის ერგნეთში 26 აპრილს დაკრძალეს. იმავე დღეს რუსთავში დაკრძალეს ზაზა ბიწაძე.
რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 24 თებერვლიდან უკრაინაში დაიღუპა 10 ქართველი მებრძოლი. ქალაქ ირპენთან დაღუპული დავით გობეჯიშვილი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საქართველოში მარტში ჩამოასვენეს. ნიკოლოზ შანავა და დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს ხარკოვის გასათავისუფლებელი ბრძოლის დროს დაიღუპნენ. მათი ცხედრები 15 აპრილს ჩამოასვენეს. დღემდე ვერ ხერხდება 19 მარტს დაღუპული მებრძოლის ბახვა ჩიქობავას სამშობლოში ჩამოსვენება. 54 წლის მებრძოლი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ალყაში მოქცეულ მარიუპოლში დაიღუპა. კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ვიტალი ორბელაძის დაღუპვის შესახებ ცნობა 26 აპრილს გაავრცელა მოხალისეთა ბატალიონმა "კარპატსკა სიჩიმ". 46 წლის ვიტალი ორბელაძე ხარკოვის ოლქში, იზიუმში, 23 აპრილს დაიღუპა.
დაწერეთ კომენტარი