Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი მაისი ათასობით ადამიანმა აღნიშნა გერმანიაში, საფრანგეთში...მოხდა პოლიციასთან შეტაკებები


1 მაისის ტრადიციული დემონსტრაცია პარიზში. 2022 წლის 1 მაისი
1 მაისის ტრადიციული დემონსტრაცია პარიზში. 2022 წლის 1 მაისი

მთელ გერმანიაში ათასობით ადამიანი დაესწრო მშრომელთა დღის აღსანიშნავ საპირველმაისო დემონსტრაციებს, რომელთაგან უმეტესობა უკრაინაში რუსეთის შეჭრას მიეძღვნა, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ტრადიციულ, სოციალურ საკითხებთან ერთად.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კვირას დიუსელდორფში, გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების (DGB) მიერ გამართულ მიტინგზე გამოსვლისას გაფრთხილება გამოთქვა, რომ ომმა უკრაინაში შეიძლება გამოიწვიოს გლობალური სასურსათო კრიზისი. "ამ ომს ექნება შედეგები, შედეგები მთელ მსოფლიოში", - განაცხადა მან. "უკვე უნდა ვწუხდეთ, რომ არიან ისეთები, რომლებიც იშიმშილებენ, რომ არის ქვეყნები, რომელთაც უკვე აღარ აქვთ საშუალება შეიძინონ მარცვლეული თავიანთი ხალხისთვის, რომ მთელი ეს ვითარება ასევე გამოიწვევს საყოველთაო შიმშილის კრიზისს", - განაგრძო შოლცმა და იგულისხმა ის ფაქტი, რომ უკრაინა, ხორბლის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში, დიდწილად ვერ ახერხებს თავისი მარცვლეულის ექსპორტს ომის გამო.

შოლცმა ასევე შემდგომი დახმარება აღუთქვა უკრაინას და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, პირადად მიმართა: "მოვუწოდებ რუსეთის პრეზიდენტს: გაჩუმდეს იარაღი! გამოიყვანეთ თქვენი ჯარები! პატივი ეცით უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას!"

პროფკავშირული გაერთიანების, "ვერდის", ლიდერი ფრანკ ვერნეკე, თავის მხრივ, გაფრთხილებით გამოვიდა გამალებული შეიარაღების შესახებ გერმანიის მთავრობის მიერ ახლახან გამოცხადებული მასშტაბური გადაიარაღების პროგრამის ფონზე.

"ჩვენ არ გვსურს ახალი გამალებული შეიარაღება, რომელიც ხდება სოციალური უზრუნველყოფის, განათლების და კლიმატის დაცვის სფეროში გადაუდებელი ინვესტიციების ხარჯზე", - თქვა მან დასავლეთის ქალაქ მაინცში.

მრავალი სხვა ღონისძიება გაიმართა მთელ გერმანიაში, მათ შორის მოტოციკლისტების და ველოსიპედისტების აღლუმები, საპროტესტო აქციები კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ და მემარცხენე და რადიკალური მემარცხენე ჯგუფების დემონსტრაციები და აქციები. ბერლინის პოლიცია მზადყოფნაში იყო: პირველი მაისისთვის 6000 პოლიციელი იყო მობილიზებული.

ადრეული საღამოსთვის, 3000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და შემდეგ მათ კიდევ უფრო მეტი შეუერთდა, განაცხადა პოლიციამ. ბევრი ღონისძიება უმეტესად მშვიდობიანი იყო. ბერლინის გრუნევალდის მდიდრულ რაიონში დაახლოებით 10 000-მა ველოსიპედისტმა ჩაიარა, სიმდიდრის განაწილების მოწოდებებით.

ჰამბურგში, პოლიციის თქმით, 2000 დემონსტრანტი გამოვიდა მიტინგზე, რომელიც ჩატარდა ლოზუნგით, "მდიდრებს თავს ვეღარ გავართმევთ". ზოგიერთ ღონისძიებაზე ადგილი ჰქონდა შეტაკებებს. დორტმუნდში პოლიციამ წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა, ორგანიზაცია ავტონომიური „ანტიფას“ წარმომადგენელმა დაიჩივლა მათ მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ და განაცხადა, რომ დემონსტრაციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. ისინი შეიკრიბნენ, რათა 220 მემარჯვენე ექსტრემისტის მსვლელობის წინააღმდეგ პროტესტი გამოეთქვათ.

პოლიციამ ექსტრემისტებს უბრძანა, მსვლელობის წინ თავიანთი უამრავი დროშა დაეკეცათ.

საფრანგეთში შეტაკება ჰქონდათ პოლიციასთან დემონსტრანტებს პარიზში გამართულ ტრადიციულ საპირველმაისო დემონსტრაციებზე, რომელთა დროსაც ჩაამსხვრიეს ვიტრინები და დააზიანეს საწარმოები. პოლიციამ ცრემლმდენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა, როცა დემონსტრანტებმა დააზიანეს სადაზღვევო ფირმის განყოფილება, მაკდონალდის სასადილო და ბანკები. ისინი შეეცადნენ ბარიკადების აგებას.

მთელ საფრანგეთში ათეულ ათასობით ადამიანი ჩაერთო მშრომელთა დღისადმი მიძღვნილ დემონსტრაციებში.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დაომანენმა ტვიტერით დაგმო არეულობა და ძალადობას მიუღებელი უწოდა. მისი თქმით, მხოლოდ პარიზში დააკავეს 29 პირი. წლევანდელი დემონსტრაციები მიეძღვნა საპენსიო რეფორმებს.

XS
SM
MD
LG