Accessibility links

site logo site logo

უკრაინული მხარის ცნობით, განახლდა მარიუპოლის მცხოვრებთა ევაკუაცია


მარიუპოლის "აზოვსტალიდან" ევაკუირებული ქალები და ბავშვები. 2022 წლის 1 მაისი

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს აცნობა, რომ მარიუპოლიდან გავიდნენ ავტობუსები, რომლებიც, წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქეებს აიყვანენ ახლომდებარე სოფლებთან, მანგუშთან და ბერდიანსკთან.

ანდრიუშჩენკომ იმედი გამოთქვა, რომ ათასობით მარიუპოლელი, რომლებსაც ზაპოროჟიესკენ გზის გაგრძელების უფლებას რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ აძლევდნენ, დღეს საღამოს ან ხვალ დილით ზაპოროჟიეში ჩასვლას შეძლებენ. მერის მრჩევლის თანახმად, ავტობუსების კოლონასთან შეერთებას შეძლებენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც საკუთარი ავტომანქანებით არიან.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 1 მაისს, გაეროს და "წითელი ჯვრის" ჩართულობით, ასზე მეტი ბავშვი, ქალი და მოხუცი გაიყვანეს მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, "აზოვსტალის" ტერიტორიიდან, რომელსაც თავს ორი თვის განმავლობაში აფარებდნენ. "აზოვსტალში" რჩებიან უკრაინელი მებრძოლები, მათ შორის პოლკ "აზოვიდან", რომლებიც უარს ამბობენ რუსეთის მოთხოვნაზე, დაყარონ იარაღი და ტყვედ ჩაბარდნენ.

დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი რუსული არმიის ბლოკადაშია 2022 წლის მარტიდან. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, მარიუპოლი პრაქტიკულად, მთლიანად განადგურებულია და დაღუპულია ათასობით სამოქალაქო პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG