Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანმა სამინისტროს მიერ შეძენილი 3 ცხენი გადასცა საცხენოსნო სპორტის ფედერაციას


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სამი ცხენი შეიძინა. როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, დღეს, 2 მაისს, ცხენები ფედერაციას მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ გადასცეს.

ოფიციალური ცნობით, ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევრო გამოყო.

თეა წულუკიანმა მიულოცა ფედერაციას შენაძენი და აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო ყოველთვის ხელს შეუწყობს სპორტულ ფედერაციებს მსგავსი პრობლემების გადაჭრაში. მან მადლობა გადაუხადა ცხენების იტალიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაში გაწეული დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს, საქართველოს ელჩს ბულგარეთის რესპუბლიკაში, თამარ ლოლუაშვილს და საქართველოს ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავას.

„ჩვენ გვყავს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენი. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნისთანავე, გასული წლის ზაფხულში ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები როგორც სამინისტროს სსიპ-ებთან, ასევე სპორტულ ფედერაციებთან და როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ გამოწვევების შესახებ, დავიწყეთ მუშაობა პრობლემების გადაჭრაზე“, - თქვა თეა წულუკიანმა ცხენების გადაცემის შემდეგ.

სამინისტროს ცნობით, საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ჯაიანმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სპორტის სამინისტროს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ფედერაციას არასოდეს ჰქონია და თეა წულუკიანის ძალისხმევით, ამ მხარდაჭერის მიღება გახდა შესაძლებელი.

სამინისტრო ცხენების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას: „დღეს საცხენოსნო სპორტის ეროვნულ ფედერაციას უკვე ჰყავს სამი ცხენი. ესენია ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი ცხენები. ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია, სამინისტრომ იტალიაში შეიძინა".

საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის გადაცემული ცხენები
საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის გადაცემული ცხენები

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სახელმწიფოს ცხენები არ შეუძენია, რის გამოც, ქართველ სპორტსმენებს სავარჯიშოდ ცხენების ქირაობა უწევდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG