Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მრავალ ბუჩას ვნახავთ რუსების გასვლის შემდეგ... უარესსაც” - უკრაინის ომბუდსმენი მკვლელობის, გაუპატიურებების, წამების თავზარდამცემ დეტალებზე


უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა

„ჩემთვის ეს ომი 24 თებერვალს არ დაწყებულა, ის 2014 წელს დაიწყო. 8 წელია უკვე ვიბრძვით. დანებებას არ ვაპირებთ, მხნედ ვარ - მანამ ვიქნები, სანამ უკრაინა საბოლოო გამარჯვებას არ მიაღწევს რაშისტების ამ ურდოზე”, - ეუბნება უკრაინის ომბუდსმენი რადიო თავისუფლებას. ვაჟა თავბერიძე მას სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გამართული დისკუსიის შემდეგ შეხვდა.

რადიო თავისუფლება: ბოლოდროინდელ სიტუაციაზე გვიამბეთ - განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა, როგორც ვიცი, მარიუპოლშია.

ლუდმილა დენისოვა: ქალაქი, სახელად მარიუპოლი, ფაქტობრივად აღარ არსებობს. არსებობს ნანგრევები და არსებობს „აზოვსტალის“ ქარხანა, რომლის მიწისქვეშა ბუნკერებს თავს აფარებს როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე სამხედროები. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, და არა მარტო მარიუპოლში, არამედ მიმდებარე დასახლებებშიც - მილიონზე მეტ ადამიანზეა საუბარი - ფაქტობრივად, ვისაც მისწვდნენ, რუსებმა ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში გადაიყვანეს, შემდეგ კი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ანაწილებენ, დაწყებული როსტოვიდან და დამთავრებული ისეთი ქალაქებით, როგორიცაა, მაგალითად, ტაგანროგი.

მახსოვს, როგორ მიყურებდა ერთ-ერთი მათგანი, მზერაზე ეტყობოდა, რომ ძალიან უნდოდა მის მაგივრად მე ვმჯდარიყავი იქ და აქეთ დავეკითხე.

რადიო თავისუფლება: რას ეტყოდით ევროპის მოსახლეობის იმ ნაწილს, მათ შორის, ზოგ ლიდერს, ვისაც ბუჩაში მომხდარი „დადგმული“ ჰგონია და მტკიცებულებებს ითხოვს?

ლუდმილა დენისოვა: ვეტყოდი, რომ რადგან ყურით მოსმენილის არ სჯერათ, ჩამოვიდნენ და თავად ნახონ, რა დღეში ჩააგდეს რაშისტებმა არა მარტო ბუჩა, არამედ სრულიად უკრაინა. მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ბუჩა ერთეული პრეცედენტი არ არის, კიდევ მრავალ ბუჩას ვნახულობთ და კიდევ ვნახავთ რუსების გასვლის შემდეგ, ვშიშობ, უარესსაც. თუნდაც იმავე მარიუპოლში. მკვლელობის, გაუპატიურებების, არაადამიანური მოპყრობის თავზარდამცემ რიცხვებსა და მასშტაბებზეა საუბარი...

რადიო თავისუფლება: ვიცი, რომ მოინახულეთ რუსი ტყვეებიც - გჯერათ, როდესაც გიყვებიან, რომ არ იცოდნენ, რისთვის გამოგზავნეს აქ?

ლუდმილა დენისოვა: თავიდან ყველა ასე „ჭიკჭიკებს“, განსაკუთრებით რიგითები, მაგრამ როდესაც რამდენიმე კითხვას დაუსვამ, აშკარა ხდება, რომ იცოდნენ, რისთვის მოდიოდნენ აქ - 23 თებერვალს საბჭოთა არმიის დღე იზეიმეს და შემდეგ, კარგ ხასიათზე მყოფები გვეწვივნენ, რადგან გულწრფელად სჯეროდათ, რომ 2-3 დღეში აიღებდნენ კიევს და უკრაინელების ნაწილი მუხლებზე დაჩოქილი შეხვდებოდათ, ნაწილი კი - ყვავილებით. მახსოვს, როგორ მიყურებდა ერთ-ერთი მათგანი, მზერაზე ეტყობოდა, რომ ძალიან უნდოდა მის მაგივრად მე ვმჯდარიყავი იქ და აქეთ დავეკითხე. სპეციალური დანიშნულების ოფიცერი იყო და უნდა ვაღიარო, რომ თვალთმაქცობა არ დაუწყია, პირდაპირ თქვა, რომ კიევში უნდა შემოსულიყვნენ. ხომ შემოხვედით-მეთქი, ვუთხარი, მართალია, მთლად ისე არა, როგორც თქვენ გინდოდათ, მაგრამ აქ ხართ... პასუხი არ გამცა.

რადიო თავისუფლება: თქვენს რუს კოლეგასთან თუ ინარჩუნებთ რაიმე კონტაქტს?

ლუდმილა დენისოვა: 25 თებერვალს დამირეკა, მითხრა, რომ ერთად უნდა გვემოქმედა, მაგრამ ეს ერთად მოქმედება არსებითად ნიშნავდა იმას, რომ რუსები თავიანთ მიზნებს განახორციელებდნენ და ჩვენ ამაში უნდა დავხმარებოდით. როდესაც ვთხოვე, საკუთარ მთავრობასთან ჰუმანიტარულ კატასტროფაზე ესაუბრა, ამით, ფაქტობრივად, საუბარი ამოიწურა. მას შემდეგ კონტაქტი არ გვაქვს.

საუბარია მკვლელობის, გაუპატიურებების, არაადამიანური მოპყრობის თავზარდამცემ რიცხვებსა და მასშტაბებზე...

რადიო თავისუფლება: უკრაინელ ტყვეებზე რა ინფორმაციას ფლობთ ამ ეტაპზე? რა რაოდენობაა და რა მდგომარეობაში არიან?

ლუდმილა დენისოვა: რაოდენობაზე საუბრის უფლება, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი არიან. ისინი, ვინც გადავცვალეთ, ჰყვებიან, როგორ ეპყრობოდნენ რუსები - გვყავს ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაში მყოფები, სეფსისით, ამპუტირებული კიდურებით, სხეულის ნაწილების მოყინულობით... ქალებს, თავადაც ნახავდით, თავები გადაპარსეს - ისინი გააშიშვლეს, გაჩხრიკეს, უბრძანეს ბუქნები ეკეთებინათ - ყველაფერი იღონეს მათ დასამცირებლად. კაცებს ჩექმებს ხდიდნენ, -გრადუსში, შიგნით წყალს უსხამდნენ და შემდეგ ისევ აცმევდნენ. პირქვე დაყრილები ჰყავდათ ცივ ნიადაგზე რამდენიმე დღის განმავლობაში. თვალებახვეულებს და სიცივისგან გათოშილებს აიძულებდნენ, რუსული პატრიოტული სიმღერები ემღერათ საჯაროდ, მათი დამტყვევებლებისთვის. დაკითხვები დღეში რამდენჯერმე, რამდენიმე საათი გრძელდებოდა, შუალედებში უმოწყალოდ სცემდნენ... საბოლოოდ კი ხელს აწერინებდნენ დოკუმენტებზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ ტყვეობაში კარგად, ჰუმანურად ექცეოდნენ და არავითარი ზეწოლა არ ყოფილა...

რადიო თავისუფლება: მინდა გკითხოთ ტყვედ ჩავარდნილ უცხოელებზეც. კონკრეტულად, ამჟამად ორი ბრიტანელია რუსების ტყვეობაში, მათი ოჯახები კიევს სთხოვენ, როგორმე ისინი გადაცვალონ, გაჟღერდა მედვედჩუკის სანაცვლოდ გადაცემის იდეაც. რაიმე პროგრესი არის ამ კუთხით?

ლუდმილა დენისოვა: მათ ჩვენთვის არ მოუმართავთ. თქვენი გამოცემის საშუალებით მინდა ვთხოვო მათ ოჯახებს, მოგვმართონ, მოგვწერონ, რაც შეგვიძლია - ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასახმარებლად და იმისთვის, რომ მათ სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ.

თვალებახვეულებს და სიცივისგან გათოშილებს აიძულებდნენ, რუსული პატრიოტული სიმღერები ემღერათ.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, თქვენ პირადად როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს?

ლუდმილა დენისოვა: ჩემთვის ეს ომი 24 თებერვალს არ დაწყებულა, ის 2014 წელს დაიწყო. ყირიმის აღების მეორე დღესვე დამირეკეს - აქ ბავშვები გყავს და დროზე წამოიყვანე, თორემ პირველებს მათ ამოიღებენ სამიზნეშიო. 8 წელია უკვე ვიბრძვით. დანებებას არ ვაპირებთ, მხნედ ვარ - მანამ ვიქნები, სანამ უკრაინა საბოლოო გამარჯვებას არ მიაღწევს რაშისტების ამ ურდოზე.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG