Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სტატისტიკურად აღირიცხა ქვეყნიდან მოქალაქეთა გადინების მკვეთრი ზრდა


რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა, რომელიც მართავს სასაზღვრო სამსახურს, აღიარა 2022 წლის იანვარ-მარტში მოქალაქეთა ქვეყნიდან გადინების მაჩვენებლის მკვეთრი მატება. მონაცემების თანახმად, რომლებიც სტატისტიკის ოფიციალურ პორტალზეა (ЕМИСС) გამოქვეყნებული, საქართველოში რუსების ნაკადი გაიზარდა თითქმის ხუთჯერ, სომხეთში - სამჯერ.

თებერვალში დაიწყო რუსეთის შეიარაღებული შეჭრა უკრაინაში.

საქართველოში, ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან გაემგზავრა რუსეთის 38 ათასი მოქალაქე, მათგან 28 ათასმა მიზნად პირადი ვიზიტი დაასახელა. შედარებისთვის, 2021 წლის პირველ კვარტალში საზღვარი გადაკვეთა რუსეთის დაახლოებით 8 ათასმა მოქალაქემ.

2022 წლის პირველ კვარტალში სომხეთში გაემგზავრა რუსეთის 134 ათასი მოქალაქე, მათმა უმრავლესობამ - 78-მა ათასმა - მიზნად პირადი ვიზიტი დაასახელა, 41 ათასმა - კი ტურიზმი. წინა წლის იმავე პერიოდში, რუსეთიდან სომხეთში გაემგზავრა სულ 44 ათასი მოქალაქე.

მნიშვნელოვანი მატებაა აღრიცხული აგრეთვე უზბეკეთში გამგზავრებულ მოქალაქეებში (წელს 53 ათასი, შარშან 15 ათასი), ასევე ტაჯიკეთში (40 და 8 ათასი, შესაბამისად) და აზერბაიჯანში (56 ათასი და 20 ათასი, შესაბამისად).

გაზრდილია რუსეთის იმ მოქალაქეთა რიცხვიც, რომლებიც გაემგზავრნენ ისლამურ ქვეყნებში - ბაჰრეინში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, ლიბანში და სხვა.

რუსეთის მოქალაქეების მიგრაციულ პროცესებს უკავშირებენ რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის კოვიდის შეზღუდვების მოხსნას, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როგორც ჩანს, უკრაინაში შეჭრა გახდა.

"ზემო ლარსი ერთ-ერთი იშვიათი შესაძლებლობაა რუსეთის მანქანით დასატოვებლად, ამიტომაც ეს მიმართულება ძალიან პოპულარული გახდა. შემდეგ ბევრი საქართველოს გავლით მიემგზავრება თურქეთში ან ავტომობილს გემით გზავნიან ბულგარეთში. მათი უმრავლესობაა ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან პუტინის რეჟიმს და ომს", - უთხრა Кавказ.Реалии-ს ნიკოლაი ლევშიცმა, საქართველოს შესახებ ყველაზე მსხვილი რუსულენოვანი ტელეგრამ-არხის ავტორმა. მისი თქმით, ემიგრანტებს შორის ბევრი IT-ის სპეციალისტია, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოების თაობაზე შიშობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG