„გამარჯვების დღის“, 9 მაისის აღსანიშნავად რუსეთში დაგეგმილი აღლუმების რეპეტიციის ამსახველი განმაცვიფრებელი ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა.
მათზე ჩანს, რომ რუს სამხედროებს უკეთიათ სამკლავურები, რომლებიც მოგაგონებთ ნაცისტურ, სვასტიკიან სამკლავურებს. მაგრამ, ინტერნეტში გავრცელებული ბევრი კომენტარის ავტორებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ.
ეს ფოტო სანქტ-პეტერბურგშია გადაღებული და სამხედრო კურსანტების, აღლუმისთვის, 28 აპრილს გამართული რეპეტიციის მომენტს ასახავს. ამ და სხვა რამდენიმე, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე შემჩნეული სამკლავურები მიამსგავსეს სამკლავურებს, რომლებიც ნაცისტებს ეკეთათ გერმანიაში 12-წლიანი ბატონობის დროს, 1930-იან და 40-იან წლებში.
Twitter-ის რამდენიმე პოპულარულმა მომხმარებელმა გაავრცელა რუსეთში გადაღებული, რეპეტიციის ამსახველი ფოტოები.
ერთი ჟურნალისტი წერდა, რომ წარსული გაახსენდა, ფოტოებმა მასში ერთგვარი „დეჟა-ვიუ“ გამოიწვია:
ზოგიერთი კომენტარის ავტორი თვლიდა, რომ არასწორია ამგვარი დიზაინის არჩევა, როცა რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა განახორციელა მისი „დენაციფიკაციის“ მიზნით. სხვები მოიხმობდნენ ცნობილ მიმს: „ჩვენ ავაზაკები ვართ?“
აღმოჩნდა, რომ ბევრი ფოტო, რომელსაც აღშფოთება მოჰყვა ინტერნეტში, უკვე წლების წინ არის გადაღებული. ფოტოარქივებში არის მასალა, საიდანაც ჩანს, რომ რუსეთი ამ სამკლავურებს იყენებს უკვე სულ მცირე, 2012 წლიდან.
სამკლავურები ნომრებით იხმარება მხოლოდ რეპეტიციების დროს და მათ არ იყენებენ ნაცისტურ გერმანიაზე „გამარჯვების დღის“, 8 მაისისადმი მიძღვნილ აღლუმზე.
რუსი სამხედროების ეს ფოტო, რომელზეც გამოსახულია სანქტ-პეტერბურგში აღლუმის რეპეტიციის მომენტი, 2019 წელსაა გადაღებული, მაგრამ Twitter-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა ის 2022 წლის ფოტოდ გაასაღა.
ამ ფოტოების მსგავსად, სხვებზეც, რომლებზეც ასევე 2022 წლის აღლუმისთვის მზადებაა ასახული, მონაწილეთა უმრავლესობას ასევე დანომრილი სამკლავურები უკეთიათ, ნაცისტურისგან სრულიად განსხვავებული.
დანომრილი სამკლავურები სხვადასხვა ფერისა არსებობს და, სავარაუდოდ, სამხედროებს იმისთვის უკეთიათ, რომ „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავი აღლუმების მრავალსაათიანი რეპეტიციების დროს ორგანიზატორებს მონაწილე ჯარისკაცებისა და კურსანტების კოლონების მართვა და მათთვის შენიშვნის მიცემა გაუიოლდეთ.