Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტის შემდეგ პირველად შედგა მაკრონისა და პუტინის სატელეფონო საუბარი


ვლადიმირ პუტინისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა მოსკოვში. 2022 წ. 7 თებერვალი.
ვლადიმირ პუტინისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა მოსკოვში. 2022 წ. 7 თებერვალი.

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა 3 მაისს სატელეფონო საუბარი გამართეს. ეს ვლადიმირ პუტინისა და ემანუელ მაკრონის პირველი სატელეფონო საუბარი იყო მარტის ბოლოდან მოკიდებული. ელისეს სასახლის ცნობით, საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ჯერჯერობით საუბრის შესახებ ანგარიში მხოლოდ კრემლმა გამოაქვეყნა. როგორც კრემლის ვებსაიტზეა ნახსენები, პუტინმა მაკრონს მიულოცა ხელახლა არჩევა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე (მაკრონმა 24 აპრილს არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა). საუბარი ეძღვნებოდა ომს უკრაინაში. როგორც კრემლის ცნობაშია ნათქვამი, პუტინმა მაკრონს ინფორმაცია მიაწოდა მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ. ასევე, ცნობის მიხედვით, პუტინმა დასავლეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინასთან „დიალოგისთვის“, მაგრამ მან კიევი „სერიოზული მუშაობისთვის მოუმზადებლობაში“ დაადანაშაულა.

მოლაპარაკებების ფონია ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთის ჯარებმა განაახლეს იერიში მარიუპოლში, მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე. CNN-ი და რიგი დასავლური მედიასაშუალებები დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე იტყობინებიან, რომ 9 მაისისთვის პუტინმა შეიძლება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების ინტენსიფიკაციის შესახებ გამოაცხადოს, მათ შორის, შეიძლება გამოცხადდეს საყოველთაო მობილიზაცია.

მაკრონი ერთ-ერთია დასავლეთის რამდენიმე ლიდერს შორის, რომლებსაც კავშირი აქვთ პუტინთან 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ. მაგრამ მარტის ბოლოდან მათ ტელეფონით არ უსაუბრიათ. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთი საუბრები მას უჭირს, ვინაიდან ძნელია პუტინის ნდობა. გარდა ამისა, ბუჩისა და უკრაინის სხვა ქალაქების მოვლენებმა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვის ფაქტები დაფიქსირდა, დიალოგი კიდევ უფრო მეტად დააყენა ეჭვქვეშ.

XS
SM
MD
LG